თავში

რა პასუხი აქვს სებ-ის პრეზიდენტს ლარის კურსით დაზარალებული ბიზნესისთვის

რა პასუხი აქვს სებ-ის პრეზიდენტს
რა პასუხი აქვს სებ-ის პრეზიდენტს ლარის კურსით დაზარალებული ბიზნესისთვის

ბიზნესი ლარის არასტაბილურ კურსს ეკონომიკის და ბიზნესაქტივობის შემაფერხებელ უმთავრეს პრობლემად ასახელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ბიზნესს უხსნის, რომ ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსია. 

"მეეჭვება, რომ რომელიმე სერიოზულმა ბიზნესმენმა, ადამიანმა, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული, ეს არ იცოდეს“, - ასეთია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტება.

მისი თქმით, გაცვლითი კურსის რისკი არის ბიზნესის ფინანსური მართვის ერთ-ერთი საბაზო ელემენტი. ნებისმიერი ბიზნესი საქმეს უნდა წარმართავდეს ისე, რომ მან გაითვალისწინოს კურსის ცვალებადობა მის საქმიანობაში და უნდა ეცადოს, რომ ამ რისკების მინიმიზაცია გააკეთოს.

"ჩვენ ფინანსურ განათლებას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ და გვაქვს მოდული, სადაც ბიზნესმენებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ვახორციელებთ და ესეც შეიძლება იქნეს გამოყენებული, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ზოგადად, ეს არის კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები და როდესაც მენეჯმენტს და ბიზნესს სწავლობენ, ეს პრინციპები პირველ კურსზე უკვე შესწავლილი უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული. ასე იქცევა მსოფლიოში ყველა კომპანია და კურსის ცვალებადობა არ წარმოადგენს პრობლემას ბევრ იმ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ვალუტის მერყეობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს საქართველოშია“, - განაცხადა კობა გვენატაძემ და დასძინა, რომ ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის დედოლარიზაციის შესუსტებაა საჭიროა.

"ქვეყანაში დოლარიზაციის დონე ჯერ კიდევ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში დოლარიზაციის მაჩვენებლები როგორც სესხების, ისე დეპოზიტების მიმართულებით, დაახლოებით, 11-12%-ით შემცირდა, ის ჯერ კიდევ მაღალია. ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკა და ასეთი რისკების შემცირებაც მოხდება. ჩვენ ვინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას და მოქნილი-გაცვლითი კურსი ამ სტაბილურობის ერთ-ერთი ელემენტია. ფინანსური სტაბილურობა რატომღაც მოცემულ გარემოებად მიიღება, რაც ასე არ არის. ამას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება; თუ მოხდა გაცვლითი კურსის დაფიქსირება, როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, ეს აუცილებლად გადაეცემა ეკონომიკას - ეკონომიკა უფრო ნაკლებად განვითარდება, ფინანსური სექტორი უფრო ნაკლებად შეძლებს ბიზნესის დაფინანსებას და ეს რისკებს შეუქმნის ფინანსურ სტაბილურობას. ამიტომ მოქნილი გავლითი კურსის არსებობა აუცილებელია, ხოლო იმისთვის, რომ ბიზნესმა ამ გარემოში იფუნქციონიროს მათ უნდა გაითვალისწინონ რისკები და მიიღონ ზომები მათი მინიმიზაციისთვის“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში ლარი, დაახლოებით, 2%-ით არის გაუფასურებული. 

"მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში როგორც წესი, არის ხოლმე დროებითი სავალუტო დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ ამ უპრეცედენტო შოკის გამო აქტიურები ვართ სავალუტო ბაზარზე, მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ $200 მილიონზე მეტი თანხა იქნება მიწოდებული ბაზარზე", - თქვა მან.

ამ დრომდე სებ-მა 12 ინტერვენცია განახორციელა, რომლებზეც ჯამურად 380 მილიონი დოლარი გაყიდა.

დღეს კი ცენტრალური ბანკი დამატებით 40 მილიონი დოლარის გაყიდვას აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system