თავში

რა პერსპექტივა აქვს საქართველო-იტალიის ეკონომიკურ ურთიერთობებს

რა პერსპექტივა აქვს საქართველო-იტალიის ეკონომიკურ ურთიერთობებს
რა პერსპექტივა აქვს საქართველო-იტალიის ეკონომიკურ ურთიერთობებს

სპეციალისტების შეფასებით, საქართველო-იტალიის ეკონომიკურ თანამშრომლობას ეფექტი მაშინ ექნება, როცა ქვეყანა წარმოების ხაზს განავითარებს და შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ ნედლეულის, ასევე მზა პროდუქტის ექსპორტიც. როგორც აგროექსპერტი, პროფესორი ბადრი რამიშვილი აღნიშნავს, განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისას ქართული მხარე ხშირად ნაკლებად სარგებლობს, რის მიზეზიც წარმოების სიმცირეა.

,,ევროპის წამყვან ქვეყნებთან ვაჭრობისას საკამოდ კარგი შეღავათები გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულება ამ მხრივ დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ სატანადოდ ვერ ვიყენებთ. მეღვინეობა ერთადერთია, რომელიც თითქმის მთლიანად ორიენტირებულია ევროპულ ბაზარზე, ასოცირების ხელშეკრულებით ამ დარგმა კარგად ისარგებლა, თუმცა რაოდენობა მაინც არ არის სასურველი. ძირითადად თხილი გადის იტალიაში, მცირე რაოდენობით ლურჯი მოცვიც, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობითაა, სხვა პროდუქტების შანსი კი ჯერჯერობით მინიმალურია.  თუ თავს ვიწონებთ იმით, რომ თხილის, კაკლოვანი კულტურების ექსპორტში ხუთეულში ვართ, სამწუხაროდ, მეოთხე ადგილზე მყოფს 10-ჯერ ჩამოვრჩებით. იტალიაში დიდი შესაძლებლობაა, რომ მზა პროდუქტი გავიტანოთ, ეპიდემიამ ამ მხრივ მეტი შესაძლებლობებიც გააჩინა, მაგრამ რესურსი არ გვაქვს და მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ, თუმცა პირიქით, იტალიური პროდუქტის იმპორტის მხრივ არანაირი დაბრკოლება არ გვექნება, იქნება ეს საკვები პროდუქტები თუ ტექნიკა, ქართულ ბაზარზე ყოველთვის იქნება მოთხოვნადი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მზა პროდუქციის ექსპორტზეც უნდა ვიფიქროთ, ამისთვის წარმოება უნდა განვითარდეს ქვეყანაში" - აცხადებს report.ge-თან ბადრი რამიშვილი.

ანალოგიური მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე რეალური სექტორი უნდა განვითარდეს და შემდეგ უკვე სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე დაიწყოს ფიქრი რიგ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის იტალიასთან მიმართებაშიც.

,,იტალიის ბაზარი ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. აქ რომ შეაღწიო, გარკვეულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდე. ელემენტარული პირობაა, რასაც განვითარებული ქვეყნის ბაზარი მოითხოვს. არათუ გარე ბაზრებზე, საერთაშორისო გამოფენებზე გასატანი პროდუქტიც არ გაგვაჩნია. იტალიასთან დაკავშირებით საუბარია ტურიზმზეც, თუმცა მხოლოდ ტურისტული და სხვა ტიპის პრომო აქციებით უნდა გასვლა გლობალურ ბაზრებზე ასევე ვერ მოგვცემს შედეგს, როცა რეალური წარმოება არ არის ქვეყანაში. პრაქტიკულად ევროპის ნებისმიერი ქვეყნის  ბაზარი ჩვენთვის ჯერჯერობით არის მიუწვდომელი. გვჭირდება განვითარება და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება, იმ სტანდარტის შესაბამისად, რაც ამ ბაზარზე მოქმედებს", - განმარტავს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, საქართველო-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს შეხვდა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის მომავალში კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ის პროექტები და შესაძლებლობები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, ტურიზმის სექტორის განვითარებას, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ქართულ ბაზარზე მეტი იტალიური კომპანიების შემოსვლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system