თავში

რა პოტენციალია ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის

რა პოტენციალია ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის
რა პოტენციალია ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის

საქართველოში ერთწლიანი კულტურების საწარმოებლად არსებული პოტენციალის დიდი ნაწილი გამოუყენებელია. ამის შესახებ report.ge-თან აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ბადრი რამიშვილი საუბრობს. მეცნიერი დარწმუნებულია, რომ, წორი აგროღონისძიების შემთხვევაში, საქართველოს ერთწლიანი კულტურების დიდი რაოდენობით წარმოების პოტენციალი აქვს, რის შესაძლებლობასაც, მისივე თქმით, ქვეყნის კლიმატი იძლევა.

,,ერთწლიანი კულტურების მოყვანის დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, რასაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ. შეიძლება, სოფლის მეურნეობას დღესდღეობით ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ერთწლიან კულტურებს არ უნდა ეხებოდეს, იმდენად დიდი შესაძლებლობებია ამ მიმართულების განვითარებისთვის. ამას სხვადასხვა აგროპროექტიც უწყობს ხელს, მათ შორის, ,,შეღავათიანი აგროკრედიტი", მაგრამ ფერმერების მხრიდან ასეთ პროექტებში ჩართულობა კვლავ დაბალ დონეზეა. შეიძლება, ამის მიზეზი, სახელმწიფო პროგრამების პირობები იყოს, არ გამოვრიცხავ. მნიშვნელოვნად უნდა განვავითაროთ მთლიანად აგროსექტორი თავისი გადამამუშავებელი მრეწველობის ჩათვლით, სხვა ვერაფერი გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდან.  ჩვენთან დიდი პრობლემაა ის, რომ ერთწლიანი კულტურების დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან დემპინგური ფასით შემოდის. კარტოფილის მწარმოებლებიც, ხშირად იკავებენ თავს მოსავლის მოყვანით, რადგან მათი პროდუქტი უცხოურს კონკურენციას დაბალი ფასის გამო ვერ უწევს. ასეა მეხორბლეობაშიც, რის გამოც ერთწლიანი კულტურების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა.   მართალია, აგრარული სექტორის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშემწყობი ღონისძიებებია და წინსვლა ნამდვილად არის, მაგრამ დარგის განვითარებისთვის არასაკმარისია", - აცხადებს რამიშვილი.

მისი თქმით, საქართველოში მნიშვნელოვნად უნდა განვითარდეს მთლიანად აგროსექტორი თავისი გადამამუშავებელი მრეწველობის ჩათვლით, რადგან სოფლის მეურნეობასსხვა ვერაფერი გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდან.  როგორც მეცნიერი აღნიშნავს, დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა ბენდუქიძის დამანგრეველ აგროპოლიტიკას უკავშირდებოდა, დღეს სხვა რეალობაა და ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რაც დარგს განვითარების გზაზე გაიყვანს. 

ერთწლიანი კულტურების საწარმოებლად არსებული პოტენციალის გამოყენების პრობლემაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე.

,,ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა ერთწლიანი კულტურების წარმოების პოტენციალი, მრავალფეროვანი ბიო-კლიმატი ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ცხადია, დიდი როლი აკისრია აგროპროექტებსაც. კრედიტის გაცემა იოლია, მაგრამ მთავარია ამავდროულად საფუძვლიანი შესწავლა მოხდეს, რამდენად მიზნობრივი დანიშნულებით ხორციელდება პროექტები, რაც კითხვის ნიშნებს ნამდვილად აჩენს. სესხებთან დაკავშირებითაც მეტი სიფრთხილეა საჭირო, რასაც აგრარულ პროექტებში ხშირად ვერ იჩენენ და ფერმერებსაც უჭირთ, რომ ზედმიწევნით შეასრულონ ვალდებულებები. ფერმერების ნახევარზე მეტმა რეალურად არ იცის, როგორ ისარგებლოს სოფლის მეურნეობის მიერ გამოყოფილი გრანტებით. დიდია პრობლემა ტექნოლოგიებთან დაკავშირებითაც. სანამ ინფრასტრუქტურა არ განვითარდება, პრობლემა მუდმივად გვექნება და რეალურად ვერაფერს განვავითარებთ“,- აცხადებს report.ge-თან კობალაძე.

ცნობისთვის, ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მემცენარეობის 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2020 წელს ერთწლიანი კულტურების  ნათესმა ფართობმა 211.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 59.5 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.9 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 83.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 47.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 25.6 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 12.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 12.7 ათას ჰექტარს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system