თავში

რა პრინციპით იმუშავებს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა

რა პრინციპით იმუშავებს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა
რა პრინციპით იმუშავებს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა

„სანდოობა, საიმედოობა, ბირჟა როგორც კონტრაგენტი ელექტროენერგიის გამყიდველისთვის - პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ბირჟა იქნას არჩეული როგორც ერთ-ერთი სასურველი პლატფორმა“, - ასე ახასიათებს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორი ირინა მილორავა ენერგეტიკულ ბირჟას, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა და სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გაეშვა.

ენერგეტიკულმა ბირჟამ უკვე მოიპოვა შესაბამისი ლიცენზია და მარეგულირებელ კომისიას ბაზრის წესებიც წარუდგინა. ბირჟა ერთგვარი პლატფორმის ფუნქციას შეასრულებს და უზრუნველყოფს გენერაციის ობიექტების, მოვაჭრეების, მომწოდებლებისა და მომხმარებლების კომუნიკაციას.

ირინა მილორავას განმარტებით, ენერგეტიკული ბირჟის ძირითად საქმიანობას დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების, აგრეთვე ორმხრივი ხელშეკრულებების სავაჭრო პლატფორმების გამართვა და ბაზრის ამ სეგმენტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ელექტროენერგიის მწარმოებლები და მიმწოდებლები ერთმანეთს ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე შეხვდებიან, მყიდველიც და გამყიდველიც მათთვის მისაღებ ფასზე შეთანხმდებიან. ფასის ოპტიმიზაციის ალგორითმით - ეუფემია, მოხდება ყოველი საათის ფასის გაანგარიშება, რომელიც საჯარო, ვაჭრობის დასრულებისთანავე გახდება.

ერთი დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით უზრუნველყოფს.

ენერგეტიკული ბირჟის ძირითადი ამოცანაა გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობის გაყოფა. მოხდება ე.წ.„ანბანდლინგი“, რომლის მიხედვითაც საქსელო და მიწოდების სექტორები განცალკევდება. „ანბანდლინგის“ პროცესის შემდეგ, ბაზარზე ელექტროენერგიის ბევრი მიმწოდებელი გაჩნდება. ისინი ენერგეტიკულ ბირჟაზე ივაჭრებენ, ელექტროენერგიას შეიძენენ და შემდეგ უკვე მომხმარებელთან განსხვავებული პირობებით მიიტანენ.

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორის ინფორმაციით ერთ-ერთ გამოწვევას კადრები წარმოადგენს. ყველა კომპანიას უნდა ყავდეს სავაჭრო წარმომადგენელი, რომელსაც გავლილი უნდა ქონდეს ტრენინგი, რომელიც ერთწლიანი სატესტო რეჟიმის ფარგლებში ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ბირჟაზე ვაჭრობის სურვილი უამრავმა კომპანიამ გამოხატა. უკვე მიღებულია 70-ზე მეტი კომპანიის 200 - მდე წარმომადგენლის განაცხადი.

ცნობისთვის, ენერგოსექტორში კონკურენტული ბაზრის განვითარების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრობის შემდეგ გაუჩნდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა  „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“, რომელიც  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა.

ყველაფერი ენერგეტიკული ბირჟის შესახებ იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system