თავში

რა საფრთხეს ქმნის ტყვიის მაღალი შემცველობა საღებავებსა და სათამაშოებში

რა საფრთხეს ქმნის ტყვიის მაღალი შემცველობა საღებავებსა და სათამაშოებში
რა საფრთხეს ქმნის ტყვიის მაღალი შემცველობა საღებავებსა და სათამაშოებში

ტყვიის შემცველობაზე კონტროლის გამკაცრება ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ ადამიანის ორგანიზმზე საშიში მეტალით გამოწვეული მავნე ზემოქმედება შემცირდეს. ამის შესახებ report.ge-თან ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე აცხადებს. მისი თქმით, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების ზრდის ერთ-ერთი მიზერზი სწორედ ადამიანის ორგანიზმში მძიმე ლითონების სიჭარბეა. კერძოდ,  მძიმე მეტალები და მათი ნაერთები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, გროვდება უჯრედებში და მძიმე შედეგებს იწვევს.

,,ტყვიას შეიცავს როგორც საღებავები, ასევე ბიჟუტერია, განსაკუთრებით ჩინური ნაწარმი, რომელშიც ტყვიის მაღალი შემცველობა არაერთი კვლევითაა დადასტურებული. აშშ-მა აუკრძალა ჩინეთს ტყვიის შემცველი ბიჟუტერიის შეტანა, მათ კი ტყვია კადმიუმით შეცვალეს. კადმიუმის შემცველ ნივთიერებებს იყენებენ ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ საღებავებად. ეს ლითონი ტყვიაზე საშიშია, რადგან ყველა მისი ნაერთი ძალიან ტოქსიკურია (მეტალურ კადმიუმს ტოქსიკური თვისებები არ ახასიათებს). აღმოჩნდა, რომ ჩინური ბიჟუტერიის 91% კადმიუმისგან შედგება, რომელიც კუმულაციური შხამია (ორგანიზმში გროვდება). მწვავე მოწამვლის სიმპტომებია: ღებინება, კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი, უნებლიე მოტეხილობები. სამწუხაროდ, ამ მავნე ნივთიერებებს, მათ შორის, ტყვიას, შეიცავენ სათამაშოებიც. საკმარისია, ბავშვმა რამდენჯერმე ჩაიდოს სათამაშო პირში, რომ იგი აღმოჩნდება სისხლში, რის შედეგადაც ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, ღვიძლი, თირკმელები. ხოლო კადმიუმის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს ძვლების დაშლას", - ამბობს გახოკიძე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ყურადღებას იქცევს, ორგანიზმში მძიმე მეტალების შემცველობის სწრაფი შეფასების მეთოდია, რომელიც თმის მულტიელემენტურ ანალიზს უკავშირდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თმის ანალიზის საშუალებით შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მავნე მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობის განსაზღვრა ორგანიზმში.

პედიატრ მაია აბულაშვილის ინფორმაციით, საღებავებისა და სათამაშოების დიდ ნაწილში ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია.

,,ტყვიის მაღალი შემცველობით, ძირითადად, ჩინური სარებავები და სათამაშოები გამოირჩევა. საფრთხის შემცველია ასევე საბავშვო "პარფიუმერია", რომელიც სულაც არ არის უსაფრთხო და მისი ხარისხი ჩვენი პატარების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც წესი, ასეთი სათამაშო ყურადღებას იპყრობს მძაფრი სუნით, რომელიც მოქმედებს ჰემოგლობინზე. როდესაც ბავშვებს რკინის დეფიციტი აღენიშნებათ, შესაძლოა, მძაფრი სუნი შეისუნთქონ, შედეგად კი რკინის ადგილას სხვა ლითონი ჩადგება. შემთხვევა არ არის გამორიცხული, ანემიის სახით გვიან გამოვლინდეს. ბავშვს, როდესაც უვარგისი სათამაშოთი თამაშობს ან უხარისხო საკვებით იკვებება, შესაძლოა, ნერვული სისტემა დაუზიანდეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კადმიუმისა და ტყვიის შემცველი პროდუქცია იწვევს გონებრივ ჩამორჩენას და ბავშვის ნორმალურ განვითარებას აფერხებს", - აცხადებს აბულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საღებავებში ტყვიის შემცველობაზე კონტროლი მკაცრდება. 2023 წლის 1 ივლისიდან საღებავის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს ახალი ვალდებულებები უჩნდება, რადგან სწორედ 2023 წლიდან ამოქმედდება ახალი რეგლამენტი, რომელიც საღებავებში ტყვიის შემცველობის კონტროლის ახალ წესებს დაადგენს. მიზანი ეკოლოგიაა და უსაფრთხოებაა, ანუ, ქვეყანაში ტყვიით და მძიმე მეტალებით გამოწვეული ავადობების შემცირება და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაზრდა.

ახალი რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე (90 ppm-ზე) მეტ ტყვიას (მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით) საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან.

სახელმწიფოს უჩნდება უფლებამოსილება, აკონტროლოს და შეაფასოს რეგლამენტის დაცვის პროცესი, აიღოს ლაქ-საღებავების ნიმუშები და განსაზღვროს რამდენად შეესაბამება/არ შეესაბამება კონკრეტული პროდუქტი ეროვნულ სტანდარტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system