თავში

რა შანსი აქვს ინვესტიციებს მასშტაბური კლების შემდეგ

რა შანსი აქვს ინვესტიციებს მასშტაბური კლების შემდეგ
რა შანსი აქვს ინვესტიციებს მასშტაბური კლების შემდეგ

საქართველოში 2020 წელს ინვესტიციები განახევრდა, რის მიზეზად ეპიდემიურ პრობლემასთან ერთად, სპეციალისტები ქვეყნის არასწორ საინვესტიციო პოლიტიკას მიიჩნევენ. ერთადერთი, რამაც შეიძლება მდგომარეობა შეცვალოს, ეკონომისტ პაატა შეშელიძის შეფასებით, საგადასახადო შეღავათებია, ასევე მონეტარული პოლიტიკის გადახედვა. ეკონომისტი report.ge-თან განმარტავს, რომ არსებული მოდელი ბანკებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, რითაც საბოლოოდ ბიზნესი ზარალდება.

,,ინვესტიციების მოზიდვის საქმეში საგადასახადო შეღავათები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მთავრობამ ინვესტორს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ განხორციელებული ინვესტირების მოგების, მინიმუმ, ნახევარი დარჩეს, ეს ბიზნესის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია. მთავრობას სტრატეგია არასწორად აქვს განსაზღვრული, ამის მიზეზია, რომ ინვესტიციებთან დაკავშირებით წლიდან წლამდე პრობლემაა. 2019 წელს ისედაც მინიმალურ დონეზე გვქონდა ინვესტიციები და ისიც განახევრდა. ყველაფერს პანდემიას ვერ დავაბრალებთ, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად დააინტერესოს ბიზნესი, დაფინანსდეს ყველა ის მიმართულება, რაც ხალხს სჭირდება. ამით დიდი სტიმული მიეცემა იაფი სესხის მიმღებ სუბიექტებს და ეკონომიკური განვითარების მხრივაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკაც უნდა გადაიხედოს. ვხედავთ, რომ არსებული მოდელიბანკების პრივილეგირებულ მდგომარეობას  განაპირობებს, არასწორი მიდგომაა, რომელიც შეცვლას საჭიროებს. სასურველია, რომ ახალ საინვესტიციო სტრატეგიაზე მუშაობისასეს საკითხიც გაითვალისწინონ", - აცხადებს პაატა შეშელიძე report.ge-თან.

სპეციალისტების ნაწილი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის მიმართ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე ფიქრობს, რომ ეპიდემიის გამოსწორება, ასევე ეკონომიკის აღდგენის შესაძლებლობა უფრო 2021 წლის მეორე ნახევარში გამოიკვეთება.  

„ინვესტიციების ზრდა დამოკიდებული იქნება გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაზე. ამიტომ დიდი მნიშვნბელობა აქვს, რა ეფექტს გამოიწვევს მსოფლიოში მიმდიანრე ვაქცინაციები, ზაფხულში ეს შედეგი უფრო უკეთ გამოჩნდება. იმ შემთხვევაში, თუკი პანდემიური მდგომარეობა შეიცვლება, დიდი შანსია, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყოს. ამ შემთხვევაში ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, ვაქცინამ ეფექტურობა აჩვენოს, რის შედეგი ეკონომიკაზეც აისახება.  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ დარგებს, რომლებსაც აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი საქართველოში და ფარმაცევტულ მრეწველობას უკავშირდება", – ამბობს ღაღანიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. შარშან საქართველოში FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა 49.9%-ით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9%-ით, მესამეზე - თურქეთი 17.5%-ით. მთლიანობაში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3% შეადგინა.







ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system