თავში

რა უპირატესობა აქვს აგროზონების შექმნას

რა უპირატესობა აქვს აგროზონების შექმნას
რა უპირატესობა აქვს აგროზონების შექმნას

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოს აგროზონებად ჩამოყალიბება დარგის განვითარების მხრივ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ მხრივ პროფესორი პაატა აროშიძე გადამწყვეტ ფაქტორად რეგიონების ტექნოლოგიურ განვითარებას მიიჩნევს და საუბრობს სხვადასხვა საჭიროებაზე, რაც მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

,,მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ყველა რეგიონის შესაძლებლობა, რომელ ზონას რა პოტენციალი აქვს და ამის მიხედვით განვითარდეს აგრარული სექტორი. ცხადია, მიდგომა მთიანი რეგიონის შემთხვევაში განსხვავებულია და ეს ჩანს კიდეც მთის რეგიონების პროგრამაში. თუმცა გასათვალისწინებელია ასევე ნებისმიერი რეგიონის თავისებურება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აგრო რაიონების ჩამოყალიბება, არამედ კოოპერატიული მეურნეობებისთვის ხელის შეწყობა, პირველ რიგში, ფერმერებისთვის სტიმულირება და იმის ცოდნა, რომ ფერმერულ მეურნეობებში გაერთიანება განვითარებისთვის აუცილებელია. ჩვენი პრობლემა მცირემიწიანობაა და ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რომ სხვადასხვა პროგამის, ძირითადად, კოოპერატივების საშუალებით ფერმერებმა გაერთიანება და მოსავლიანობის ზრდა შეძლონ. ცხადია, შედეგი მეცნიერების ჩართვის გარეშე ვერ მიიღწევა. ამიტომ მნიშვნელოვანია საკითხის მეცნიერული გადაწყვეტა, სპეციალისტების ჩართვა თუ სად რა არის პრიორიტეტული, რის მიხედვითაც თითოეული რეგიონი უნდა განვითარდეს. ჩვენი სოფლის მეურნეობა ტრადიციების მიხედვით იმართება და აქედან როგორმე უნდა ამოვიდეთ, რათა სექტორი თანამედროვე, გლობალური ბაზრების შესაბამისად განვითარდეს, იმისდა მიხედვით, სად რა პოტენციალია", - აცხადებს პაატა აროშიძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ იმერეთის აგროზონა იქმნება. 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც გულისხმობს: მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას.

იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system