თავში

რა უშლის ხელს აგროტურიზმის განვითარებას საქართველოში

რა უშლის ხელს აგროტურიზმის განვითარებას საქართველოში
რა უშლის ხელს აგროტურიზმის განვითარებას საქართველოში

საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივას ადგილობრივებიც აღიარებენ და უცხოური ორგანიზაციებიც, მაგრამ აგროტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ხშირად ელემენტარული ხელშეწყობაც არ აქვთ. როგორც report.ge-თან მთიან აჭარაში, სოფელ გობრონეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო ,,ზებოს" დამფუძნებელი ზებურ ბოლქვაძე ამბობს, ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის საშუალებაც აღარ არის, რის გამოც უცხოურ ფორუმებსა და ონლაინ სემინარებს ხშირად ავერ ესწრება.

,,ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი უნდა იმუშაონ, რომ ტურიზმი სწორად განვითარდეს პოსტეპიდემიურ პერიოდში. დიდი მოვალეობა აკისრია მუნიციპალიტეტებსაც, ფესტივალები უნდა დაიგეგმოს და სხვადასხვა აგროღონისძიება მოეწყოს, რაც უცხოელებს ძალიან აინტერესებთ. ჩემი იდეით, ღვინის ფესტივალი მოვაწყვე ეპიდემიამდე და უამრავი სტუმარი ეწვია აჭარას, ეპიდემიური მდგომარეობა რომ მოგვარდება, ამ სახის ფესტივალებს და ღონისძიებებს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. უნდა აჩვენო, დაანახო მსოფლიოს საქართველოს აგრალური შესაძლებლობები და ტრადიციები. ამერიკაში ამის დიდი კულტურაა, რაც ჩვენთვის მისაღებია, უნდა გადმოვიღოთ. ვფიქრობ, რომ მთლიანად საქართველოს, მით უმეტეს, აჭარის რეგიონს, აგრო და ეკო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ყველა სოფელს ჯერ კიდევ ამოუცნობი რესურსი გააჩნია, ამას უნდა სწორად შეფუთვა და მიტანა ადრესატამდე. ნომერ პირველი პრობლემა დღეს არის ინტერნეტი, ძირითადად, ტელეფონით ვუკავშირდებით დანარჩენ მსოფლიოს, სადაც ვებინარები და სხვადასხვა სახის ონლაინ ფორუმები იმართება. ცუდი კომუნიკაციის გამო სისტემატურად ვეთიშებით, რადგან ინტერნეტზე წვდომა დიდი პრობლემაა. ცენტრალური უბნების გარდა, წვდომა აღარ არის, შეიძლება ითქვას, რომ წამდაუწუმ ითიშება და ასე შორს ვერ წავალთ. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ენობრივი ბარიერის მეტნაკლებად დაძლეულია, მაგრამ ინტერნეტთან დაკავშირებით ხარვეზი დღემდე ვერ გამოსწორდა", - ამბობს ზებურ ბოლქვაძე report.ge-თან.

ამდენად, ფერმერული მეურნეობის ტურისტულ პროდუქტად ქცევა სავსებით შესაძლებელია. ამ აზრს იზიარებს პროფესორი ნიკა კვარაცხელია, რომელიც ფიქრობს, რომ ასე თანდათან აგრო ტურიზმი ყველაზე მარტივად აღიდგენს ძალებს და მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორებას მოახერხებს.

,,არანორმალური სამუშაო რიტმით გადაღლილი ადამიანებისთვის სოფელში დასვენება მისწრებაა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აგროტურიზმი საუკეთესო შესაძლებლობაა, ცოტა ხნით მოშორდნენ ცივილიზაციის დაძაბულ რიტმს და ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობით მოიკრიბონ ძალები, რაც მათ ქალაქში ცხოვრების გასაგრძელებლად სჭირდებათ. დამსვენებლები ყოველთვის გამოიჩენენ ინტერესს ისეთი ადგილებისადმი, სადაც ეპიდემიის რისკი სადაც ნაკლებია, ასეთი კი გლეხის ოჯახში დასვენებაა. თუკი ჩვენ აკარგ სერვისებს შვთავაზებთ მსოფლიოს აგროტურიზმის მიმართულებით, ტურისტი ყოველთვის გვეყოლება, რადგან ის 100%-ით გარანტირებული იქნება, რომ სოფელში, ბუნებასთან ახლოს, ვირუსის რისკი არ მოელის, როგორიც შეიძლება დიდ ქალაქში არსებობდეს. ამისთვის მომსახურება ყველა კატეგორიის დამსვენებელზე უნდა იყოს მორგებული და ინტერესს იწვევდეს", - ამბობს კვარაცხელია report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოში აგროტურიზმის დიდ პოტენციალს ხედავს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო აცხადებს. მათი შეფასებით, აშშ-ს ეხმარება ფერმერებს, მცირე ბიზნესმფლობელებსა და სასოფლო საზოგადოებებს, მეტი სარგებელი მიიღონ ტურიზმიდან.

დღეს, აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა მონაწილეობა მიიღეს სოფელ უდაბნოში აგრიტურიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.  USAID-ი Facebook-გვერდზე წერს, რომ საქართველოში აგრორურიზმს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system