თავში

რა უშლის ხელს ერთწლიანი კულტურების წარმოებას

რა უშლის ხელს ერთწლიანი კულტურების წარმოებას
რა უშლის ხელს ერთწლიანი კულტურების წარმოებას

აგრარული სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავრობის ხელშემწყობი ღონისძიებების მიუხედავად, ერთწლიანი კულტურების წარმოება დაბალი ტემპით მიმდინარეობს. ამის მიზეზად ისინი ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას მიიჩნევენ, რაც ძირითადად მაღალ საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდება, რასაც აგროკრედიტის პროგრამით გაცემული სესხების სტატისტიკაც მოწმობს. როგორც სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი ანზორ მესხიშვილი report.ge-თან განმარტავს, საქართველოში ,,იაფი კრედიტი" მხოლოდ ცნებაა და ფერმერებს რეალურად მაღალი პროცენტების გადახდა უწევთ, რის გამოც მათი უმეტესობა პროექტებში მონაწილეობისგან თავს იკავებს. 

,,ერთწლიანი კულტურების დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან  დემპინგური ფასით შემოდი. კარტოფილის მწარმოებლებიც, ხშირად იკავებენ თავს მოსავლის მოყვანით, რადგან მათი პროდუქტი უცხოურს კონკურენციას დაბალი ფასის გამო ვერ უწევს. მეტიც, მეხორბლეებიც კი ამ სტრატეგიული პროდუქტის წარმოებისას თავშეკავებას იჩენენ, რადგან ხშირად აწყდებიან რეალიზაციის პრობლემას, მრავალი მიზეზია, რაც ერთწლიანი კულტურების მიმართ დამოკიდებულებას განაპირობებს. ხალხი ახალ გზას ეძებს, მაგალითად, მთელი დასავლეთ საქართველო ლოკოკინას წარმოებაზე გადადის. ასევე გაიზარდა ინტერესი მაყვლის, მოცვის და ჟოლოს წარმოებაზე, რაც ადრე პოპულარული არ იყო. ცხადია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ დროს ძირითადი სასურსათო პროდუქტის ნაკლებად მომგებიანი გახდა. სახელმწიფომ მეტად უნდა გამოყოს გრანტები (და არა კრედიტები), რადგან პროცენტები მაღალია და გლეხს გადახდის მხრივ ხშირად აქვს პრობლემა. არ შეიძლება, იაფი კრედიტის მოცულობა 7-8%-ს შეადგენდეს, დიდი ტვირთია, როცა სხვა ქვეყნებისთვის ამ ტიპის სესხი ან საერთოდ უფასოა ან 1,5%-ს არ აღემატება. მართალია, აგრარული სექტორის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშემწყობი ღონისძიებებია და წინსვლა ნამდვილად არის, მაგრამ დარგის განვითარებისთვის არასაკმარისია", - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.

ერთწლიანი კულტურების საწარმოებლად არსებული პოტენციალის გამოყენების პრობლემაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ბადრი რამიშვილიც. 

,,საქართველოს მრავალფეროვანი ბიო-კლიმატი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ერთწლიანი კულტურები დიდი რაოდენობით ვაწარმოოთ. ეს პოტენციალი ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა. შესაბამისად, შეგვიძლია წარმოების ტემპი უფრო მრავალფეროვანიც გავხადოთ, რაც დიდ ინტერესს უნდა იწვევდეს. თუმცა ფაქტია, რომ ფერმერების მხრიდან აგროპროექტებში ჩართულობა კვლავ დაბალ დონეზეა. შეიძლება, ამის მიზეზი, სახელმწიფო პროგრამების პირობები იყოს, არ გამოვრიცხავ. მნიშვნელოვნად უნდა განვავითაროთ მთლიანად აგროსექტორი თავისი გადამამუშავებელი მრეწველობის ჩათვლით, სხვა ვერაფერი გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდან. დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა ბენდუქიძის დამანგრეველ აგროპოლიტიკას უკავშირდებოდა, დღეს სხვა რეალობაა და ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რაც დარგს განვითარების გზაზე გაიყვანს", - აცხადებს ბადრი რამიშვილი. 

ცნობისთვის,  შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1707 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 31 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,5 მლნ ლარს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system