თავში

რამდენად გაამართლებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმედის დამყარება

რამდენად გაამართლებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმედის დამყარება
რამდენად გაამართლებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმედის დამყარება

ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთ შესაძლებლობად მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიიჩნევს. დონორი ორგანიზაციების დახმარებიდან გარკვეული რესურსი სწორედ ამ მიმართულებას ხმარდება. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ ინტერესის ზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს თითოეული პროექტის მიმართ კონტროლი უნდა გაძლიერდეს.

,,ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აქამდე დაშვებული შეცდომები გამოირიცხოს და ამავდროულად ხარჯი იყოს გამჭვირვალე. კარგია, რომ პროექტები პანდემიის პირობებშიც გრძელდება. ეკონომიკურ ზრდას მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ეკონომიკაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია, ფინანსური რესურსი სწორად და მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს. არაერთი შემთხვევაა, როცა ესა თუ ის პროექტი ვერ განხორციელდა კარგად, ბევრი ხარვეზი არსებობდა, რის გამოც ზოგიერთი პროექტი გაჩერდა ან გადაიდო, ზოგ შემთხვევაში, პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა. მომხრე ვარ, რომ პროექტები მეტიზედამხედველობითა და კონტროლით განხორციელდეს, რათა ყოველგვარი შეცდომა და მნიშვნელოვანი დარღვევა გამოირიცხოს", - აცხადებს გიორგი კაპანაძე report.ge-თან.

ანალოგიური მოსაზრებისაა ეკონომისტი ბადრი რამიშვილი, რომელიც თვლის, რომ ეკონომიკისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მასზე იმედის დამყარებამ შეიძლება გაამართლოს კიდეც. 

,,ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპი უნდა დაჩქარდეს, დღეს სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამ თვალსაზრისით, თითოეული პროექტი მნიშვნელოვანია, მთავარი ხარისხიანად ჩატარდეს. არ ვარ მომხრე, რომ საგარეო ვალი ავიღოთ, მაგრამ თუ აქედან დიდი ნაწილი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება, მხარს დავუჭერ. საგზაო მაგისტრალებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ასევე ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რაც შედეგს მოუტანს ქვეყანას, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურა აგრარულ სექტორში, პოსტეპიდემიურ ქვეყანაში ამ დარგების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს", -  ამბობს ეკონომისტი.

ცნობისთვის, საქართველო ინფრასტრუქტურაში ესტონეთზე მეტ ინვესტიციას დებს, თუმცა ესტონეთში ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთესია. სპეციალისტების განმარტებით, მიზეზი ინფრასტრუქტურის ეფექტურ მართვასა და მოვლა-შენახვაში მდგომარეობს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი განმარტავს, ორივე ქვეყანამ ახლახან გაიარა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის შეფასება (PIMA). ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ შექმნილი ჩარჩო, რომელიც აფასებს, როგორ იმართება ინვესტიციები, ასევე, ძირითადი ინსტიტუციები, სახელმწიფო ინვესტიციების პრაქტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემა, საკანონმდებლო ჩარჩო და პერსონალის კომპეტენცია.

"აშკარაა, რომ საქართველო შედარებით მოიკოჭლებს დაგეგმარების, დაბიუჯეტებისა და მოვლა-შენახვის მიმართულებით. საქართველოს ეროვნული და დარგობრივი ინფრასტრუქტურის გეგმებმა დაბალი ქულა მიიღო როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ისე ეფექტიანობის ინდიკატორებით. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს დარგობრივი სტრატეგიები მხოლოდ ახალ წამოწყებებს მოიცავს და სახელმწიფო ინვესტიციების მიზნები ‘არაა თანხვედრაში ეფექტური ინვესტიციების პრინციპთან’. გარდა ამისა, რეფორმების თვალსაზრისით, პრიორიტეტული მიმართულებებია პროექტების შერჩევა, შეფასება და განხორციელება," - განმარტავს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system