თავში

რამდენად გამართლებულია ფასიანი ქაღალდების გაყიდვა

რამდენად გამართლებულია ფასიანი ქაღალდების გაყიდვა
რამდენად გამართლებულია ფასიანი ქაღალდების გაყიდვა

ფინანსური ბაზრის ექსპერტები თვლიან, რომ ეკონომიკაში მძიმე სიტუაციაა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დიდ ნეგატიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მიუხედავად ამისა, როგორც პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან აღნიშნავს, სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში ნაკლებადაა და მთავრობას კვლავ მოუწევს ვალის ზრდა, რის პარალელურად ეკონომიკის დაკრედიტების ტემპი მცირდება.

,,სახელმწიფოს აქვს ძალიან დიდი პრობლემა ფინანსებთან დაკავშირებით - დიდი ვალია აღებული და კიდევ უფრო ზრდის ვალის მოცულობას, რაც მის მდგომარეობას ამძიმებს. თუმცა ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, ვალის აღება შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია. თუმცა ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ დანარჩენ ეკონომიკაზეც მოკელვადიან პერიოდში, რადგან ეკონომიკის დაკრედიტების ტემპი მცირდება. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან აღებული ვალი კონკურენტული პოზიციაა მეწარმეებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც საბანკო სესხებით აგრძელებენ სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობას. მეორეს მხრივ, ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს ვართ, ბუნებრივია სახელმწიფოს ასეთი ქმედითი დახმარება ესაჭიროება როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე სოციალურადაც, ეპიდემიით გამოწვეული პრობლემის გადასალახავად, რა დროსაც ეკონომიკა ზარალდება. არსებული სიტუაცია თუ არ ჩაცხრება, ეკონომიკის განვითარება გაგვიჭირდება. მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება ვალის აღებას კიდევ გააგრძელებს", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

ფასიანი ქაღალდების გაყიდვას მთავრობის მხრიდან არასწორ ქმედებად მიიჩნევს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, ცალკე პრობლემა სახელმწიფო ქაღალდების სავაჭრო სისტემას უკავშირდება, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს, რაც მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულების მანიშნებელია.

,,სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვით ადგილი აქვს ეკონომიკიდან ფულის ამორებას, რაც სწორად არ მიმაჩნია. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურად დაიხარჯება ეს ფული, რაც უკვე ფინანსთა სამინისტროზეა დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში პანდემიური მდგომარეობაა და სახაზინო ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდების ახალი ემისიები შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში ნაკლებია, რამდენადაც ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია და თანხის ამოღება დამატებით ცუდ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ამასთან ხარჯვის მიზნობრიობაა მნიშვნელოვანი. სახაზინო ვალდებულებების დანიშნულება თავისთავად არის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ამ მიზანს ემსახურება", - ამბობს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 2021 წლის 27 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 73 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.450 პროცენტით, მაქსიმალური 8.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.650 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system