თავში

რამდენად შესაძლებელია მიმდინარე ეტაპზე საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა

რამდენად შესაძლებელია მიმდინარე ეტაპზე საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა
რამდენად შესაძლებელია მიმდინარე  ეტაპზე საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა

სპეციალისტების აზრით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ვერ ემსახურება არათუ ეკონომიკის განვითარებას, კომერციული ბანკების მდგრადობასაც უქმნის გარკვეულ საფრთხეს, რადგან მაღალი პროცენტების გამო სესხებზე მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ report.ge-თან ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი საუბრობს. მისი ვარაუდით, ცვლილება შესაძლებელია მიმდინარე ეტაპზეც და გარკვეულ დადებით გავლენას გადახდებზეც მოახდენს, დიდი ალბათობით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა შემცირდება.  

გარდა ამისა, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა გამოიწვევს საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებასაც, რადგან ეპიდემიურმა პრობლემამ ამ მხრივ მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

,,დაკრედიტება დიდწილად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას ემსახურებოდეს. მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და ეს ნეგატიური ტენდენცია საბანკო სექტორს მომავალში მეტ პრობლემას შეუქმნის, კარგი იქნება, თუ მიმართავენ ბიზნესის დაკრედიტებას უზრუნველყოფის გარეშე, პროექტის მიმზიდველობასა და პერსპეტიულობაზე აქცენტირებით. სექტორს თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს მომგებიანობა მეტნაკლებად მაინც, დაკრედიტება უნდა მოახდინონ უზრუნველყოფის გარეშე, შეღავათიანი პირობით, დაკრედიტების პრინციპი უნდა შეიცვალოს", - აცხადებს ხომიზურაშვილი.

მისი შეფასებით, თავის დროზე არასწორი იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რითაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 8%-ის დონეზე დარჩა.

,,როგორც წესი, რეფინანსირების სესხების პროცენტი იყო უფრო დაბალი, ვიდრე შემოსავლიანობა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე, ამით ბანკები სარგებლობდნენ,  რეფინანსირების სესხებს მზარდი ოდენობით იღებდნენ და განათავსებდნენ სახელმწიფო ობლიგაციებში.  ამ ეტაპზე არავის აქვს შეცდომის დაშვების უფლება, რადგან მძიმე მდგომარეობაა, ვერ შექმნა ის ბანკთაშორისი კაპიტალის ბაზრის მოდელი, რომელიც მისცემდა საშუალებას როგორც საპროცენტო განაკვეთების, ისე ფულადი მასის ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობას. ეროვნული ბანკის საქმიანობაში ეს ძალიან დიდი მუნუსია", - ამბობს ვახტანგ  ხომიზურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს საბანკო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ პოლიტიკოსებიც. პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ურთულესი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით მიმართავს.

„ევროპელი სოციალისტები“ მიიჩნევენ, რომ დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი და სწორედ ამით არის გამოწვეული მისი უკიდურესად რთული ეკონომიკური მდგომარეობა. ამ მხრივ, ხელისუფლებას მართებს სერიოზული ცვლილებების გატარება საკანონმდებლო დონეზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system