თავში

რამდენად უზრუნველყოფილია საბანკო სისტემა ლიკვიდური სახსრებით

რამდენად უზრუნველყოფილია საბანკო სისტემა ლიკვიდური სახსრებით
რამდენად უზრუნველყოფილია საბანკო სისტემა ლიკვიდური სახსრებით

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) განმარტებით, საბანკო სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა სვოპ ოპერაციები, რითაც სისტემას აწვდის ლარის ლიკვიდობას.  ამ ოპერაციების მიზანია სისტემაში ლიკვიდობის რისკის შემცირება, რათა ლიკვიდობის რისკი არ გახდეს ეკონომიკის დაკრედიტების შემაფერხებელი ფაქტორი. 

ეროვნული ბანკის განცხადებით, 200 მლნ აშშ დოლარის სვოპ ინსტრუმენტი ბანკებს შორის მათი საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ბანკებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მუდმივმოქმედი სვოპ ინსტრუმენტი, რაც საშუალებას აძლევს ბანკებს მიიღონ ლარის საჭირო ლიკვიდობა უცხოური ვალუტის სანაცვლოდ საჯარიმო საპროცენტო განაკვეთით.

სებ-ის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი ივნისიდან ეროვნულმა ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტი აამოქმედა, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება: პირველი განკუთვნილია კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკიდან ლიკვიდობის მხარდაჭერა მიიღონ. მეორე ინსტრუმენტი კი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისათვის იქნება, რომლებიც, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სასესხო პორტფელის მოცულობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კომერციული ბანკებიდან სასესხო რესურსის მოზიდვას შეძლებენ. 

ლიკვიდობის მართვის ახალი მექანიზმი 2023 წლის ბოლომდე (2022 წლიდან შემცირებადი გრაფიკით), ყოველთვიური განახლების შესაძლებლობით იმოქმედებს, ხოლო ფასს TIBR1M ერთთვიანი ინდექსი განსაზღვრავს.

"2020 წლის 1 - ლი მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, ბანკებს შეუძლიათ ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა მათი საშუალებით დაიცვან. აღნიშნული კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის საშუალებით მყისიერად, დაბალი დანახარჯებითა და დამატებითი რისკების აღების გარეშე მიიღოს ლარის რესურსი.საჭიროებისამებრ, ბანკები ლარის რესურსს სვოპ ოპერაციების გამოყენებით მიიღებენ. ეროვნული ბანკი ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლს საქართველოს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური სერვისების მიწოდების კუთხით. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდობის მხარდაჭერას "სვოპ" ოპერაციებით (200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით) უზრუნველყოფს. ისევე როგორც ბანკების შემთხვევაში ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტებისათვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით," - ვკითხულობთ სებ-ის ანგარიშში იმ საგანგებო ღონისძიებების შესახებ, რაც მან COVID-19-თან დაკავშირებით გაატარა.

ცენტრალური ბანკში ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის, რაც საშუალებას აძლევს EBRD-ს ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსება გაზარდოს. სესხები ეროვნულ ვალუტაში ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის, დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში. მხარეებმა პირველი გარიგება 2020 წლის 24 აპრილს დადეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system