თავში

რას აჩვენებს BAG-ის დასაქმების ბარომეტრი

რას აჩვენებს BAG-ის დასაქმების ბარომეტრი
რას აჩვენებს BAG-ის დასაქმების ბარომეტრი

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია

აქვე შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ინდექსშიც შენარჩუნებულია პოზიტიური მოლოდინი.

BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას გამოხატავს, 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს მიღებული ნეგატიური მაჩვენებლიდან მესამე კვარტალში მცირედ დადებითისკენ გადაიხარა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, გარდა თავად დასაქმების ბარომეტრისა, კვლევამ ასევე გამოავლინა ასოციაციის წევრი კომპანიების სამომავლო გეგმებიც, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობა არ აპირებს შეცვალოს მათ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა. კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 82%-ზე მეტი, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, დაქირავებულთა რაოდენობის ცვლილებას არ გეგმავს, მაშინ როცა 12% ამ მაჩვენებლის ზრდას, ხოლო დაახლოებით 5% თავიანთ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას ვარაუდობს.

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. აქედან სამ, კერძოდ, ვაჭრობის, მრეწველობისა და მშნებლობის სექტორებში დასაქმების კლების მოლოდინი არ აქვთ კომპანიების უმეტესობას. ხოლო მომსახურების სექტორში, სხვა სექტორებთან შედარებით, უფრო ნეგატიური მოლოდინია. ცხადია, პანდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური ვითარება ყველაზე მეტად მომსახურების სექტორს აზარალებს და, შედეგად, კომპანიებს დასაქმების ზრდის მოლოდინიც თითქმის არ აქვთ.

“უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო "საქართველოს ბინეს ასოციაციის" წევრ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი BAG ინდექსის კვლევაში. ცხადია, ცალკეული კომპანიის მოსაზრება დასაფასებელია, მაგრამ აგრეგირებულად ამ მოსაზრებების თავმოყრა და ერთ ინდექსში წარმოდგენა, ყველა მხარისთვის საყურადღებო მაჩვენებელია, თუ როგორია ბიზნესწრეების განწყობა და მოლოდინი. რაც შეეხება დასაქმების ბარომეტრს, რომელიც BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, მისი შეფასება დროში წინ უსწრებდა Covid 19 ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატულ ზრდას, შესაბამისად, კომპანიების პასუხები ასახავს იმ დროისთვის პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ჩამოყალიბებულ მეტნაკლებად სტაბილურ ბიზნეს გარემოს და სრულად შეესაბამება იმ ფრთხილ ოპტიმიზმს, რომელიც ჩვენს მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ბიზნეს კლიმატის ინდექსმაც წარმოაჩინა“, - განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system