თავში

რას უკავშირდება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა

რას უკავშირდება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა
რას უკავშირდება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა

მარტში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ენერგეტიკოსი გია არაბიძე პანდემიურ მდგომარეობას უკავშირებს. კერძოდ, იმ გარემოებას, რომ 2020 წლის მარტში ეკონომიკაში დიდი შეზღუდვა დაიწყო, რამაც დენის მოხმარება საგრძნობლად შეამცირა. 

,,2020 წლის მარტში საქართველოში მძიმე მდგომარეობა გვქონდა პანდემიის გამო. ახლა ნელ-ნელა გაიხსნა ეკონომიკა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც გაიზარდა. ხოლო იმპორტი, რაოდენობრივად შემცირდა. მარტში ამ მაჩვენებელმა  - 750 მგ/ვტ შეადგინა, საიდანაც 250 აფხაზეთს მიაქვს. გარდა ამისა,  გათბობის სეზონი შეწყდა, სოციალური გაზის წილი შეგვიმცირდა. ამიტომ მოგვეცა შესაძლებლობა , რომ ერთი თბოსადგური მთლიანად დაგვეტვირთა და იმპორტი შეგვემცირებინა. ორიოდე კვირა დაგვრჩა,  სანამ ,,ენგურჰესი" ამუშავდება და სიტუაცია დასტაბილურდება. არ ველოდებით ეკონომიკის ისეთ მძლავრ ამუშავებას, რომ ,,ენგურჰესის" ამუშავების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტი დაგვჭირდეს", - ამბობს არაბიძე report.ge-თან.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე კი საუბრობს ელექტროენერგიის წარმოების ზრდის პერსპექტივას ჰესების მშენებლობის გააქტიურებასა და განახლებადი ენერგიის ათვისებაში ხედავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე დიდი დაბრკოლებაა საკუთარი გენერაციის უკმარისობა, რის დაძლევაც სწორი ენერგეტიკული პოლიტიკით შესაძლებელია. ჭიჭინაძის აზრით, ქვეყნისთვის განსაკუთრებით მომგებიანი მცირე ჰესების მშენებლობაა, რა მიმართულებითაც მუშაობა უნდა გააქტიურდეს. 

,,გენერაციის სერიოზული პრობლემაა, ფაქტია, რომ საკუთარი გენერაციის სიმძლავრეები არ გვყოფნის, ჰესების მშენებლობაა საჭირო, აქეთკენ უნდა მივმართოთ ყურადღება. სახელმწიფომ უნდა გამონახოს რეზერვი, რომ თვითონ ჰესების მშენებლობაში ჩადოს ფული, თვითონ გასწიოს ეს ხარჯი და არა ისე, როგორც სინამდვილეში ხდება. აუცილებელი მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ხელმისაწვდომი ტარიფი. მიმაჩნია, რომ ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ყველაფერს უნდა გათვლა.  ვფიქრობ, რომ ჰესების განსაკუთრებით გააქტიურდება. მნიშვნელოვანია ტარიფის კომპონენტი მთავრობამ კარგად გააკონტროლოს, რათა არ მოხდეს გადასახადების ზრდა უშუალოდ ამ ჰესების მშენებლობის გამო", - ამბობს თემურ ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 16,8 %-ით გაიზარდა და 1,226 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. 2020 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 1,05 მლრდ კვტ.სთ იყო.წელს იანვარ-მარტის პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში საშუალოდ 3,3%-ით გაიზარდა და 3,47 მლრდ კვტ.სთ-ს მიაღწია, ხოლო ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 3,36 მლრდ კვტ.სთ-ს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system