თავში

რატომ ვერ გაიხსნა ლილოს ბაზრობა

რატომ ვერ გაიხსნა ლილოს ბაზრობა
რატომ ვერ გაიხსნა ლილოს ბაზრობა

"ლილო მოლს“ მუშაობა დღეს უნდა განეახლებინა, თუმცა ადგილზე მისულ მოვაჭრეებს საკუთარ მაღაზიებამდე მისვლის უფლება კვლავ არ მისცეს.

"ლილო მოლის" მოვაჭრე თათული ჯიშკარიანი report.ge-ს უხსნის, რომ ბაზრობის ადმინისტრაციას შეძენილი აქვს თერმოსკრინინგის აპარატურა, მანქანების სადეზინფექციო ხსნარები, ყველანაირი ტექნიკური მოწყობილობა, რომ მოქალაქეთა მობილობა უსაფრთხო ყოფილიყო, თუმცა ბაზრობას გახსნის ნებართვა მაინც არ მისცეს. 

"ადამიანების უსაფრთხოება, ყველასთვის გასაგებია, მე თავადაც ხომ არ მინდა დავავადდე? ოჯახები გვყავს და ყველას გვინდა ჯანმრთელობა, თუმცა შიმშილისთვის გვწირავენ. თვეებია, შემოსავალი არ მაქვს. დიდი ოჯახი მაქვს და ჩემს დასახლებას გაზი სულ არ მიეწოდება, ასე რომ, შუქს ინტენსიურად მოვიხმარ და ვერ მოვხვდი სამთავრობო კომუნალურ დახმარებათა სიაში. მეუღლე ტაქსისტი იყო და მასაც თითქმის არ უმუშავია, ხალხის მობილობა საერთოდ არ იყო ქუჩაში. რა უნდა ვქნა, რჩენა ხომ უნდა ოჯახს? მოგვცენ მუშაობის უფლება. ხალიჩებს ვყიდი. კლიენტები მირეკავენ, მაღაზიას ვერ ვხსნირამდენ ხანს ვიქნებით ასე, არც კი ვიცით ვერ გვეუბნებიან პასუხს ადმინისტრაციაში," - ამბობს ჯიშკარიანი.

იგივე პრობლემა აქვს ზაირა სარქისიანს, რომელიც მრავალშვილიანი დედაა და ოჯახში პენსიონერიც ჰყავს.

"წინა კვირას გვითხრეს 25-დან ვიხსნებითო. გამეხარდა, ვიფიქრე მეშველა-თქო. თავად ადმინისტრაცია დამიკავშირდა, მერე დამირეკეს აღარ ვიხსნებითო. მე ბამბისა და მატყლის საბნებს, ლეიბებს და ბუმბულის ბალიშებს ვყიდი. 2 სექცია მაქვს აღებული ამ ბაზრობაზე. აქ მხოლოდ მე ვდგავარ, შეკერვაზე კი ჩემი პენსიონერი დედა და ასევე დეიდაშვილი მყავს დასაქმებული. მეგონა დღეს გავიხსნებოდით, მაგრამ კვლავ უარს გვეუბნებიან და ვერც კონკრეტულ ვადას გვისახელებენ. ჩემი საქონელი უსაფრთხოა, არც გასიჯვას ექვემდებარება, არც დიდი სიახლოვე სჭირდება. ვერც კი ვანიავებ, ისეა დახურულ სივრცეში შეყრილი. შემოსავალი არ მაქვს კაპიკი. ქმარი დარგაცვლილი მყავს. 4 შვილის დედა ვარ, აქედან ერთია მხოლო სრულწლოვანი, მყავს პენსიონერი დედა. გეკითხებით, რა უნდა ვქვა, რით ვარჩინო ოჯახი? არც ტრანსპორტია, არც სამუშაო. ცოტა ჩვენიც გაიგონ. დისტანციურ გაყიდვებს ვერ ვახერხებ და დავრჩით ისე," - უხსნის თავის გასაჭირს REPORT.GE-ს სარქისიანი.

სათამაშოების გამყიდველი ნელი ჭანჭალეიშვილი კი პროდუქციის დისტანციურ, ონლაინ გაყიდვას ახერხებს, თუმცა ამბობს, რომ ბაზრობის გახსნა მისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 

"მე ჩემი შვილი დამეხმარა ფეისბუქით შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის სათამაშოები, თუმცა გაყიდვები მინიმალურია. თუ მანამდე თვეში 20 ათასამდე ნავაჭრო მქონდა, ახლა 2 ათასი ლარის სათამაშო გავყიდე 2 თვეში. როცა ბაზრობა გახსნილია, ვიღაც ფეხსახმლის საყიდლად რომ მოვა, ის 10-15 ლარიან სათამაშოს წაუყოლებს მის პატარას. ზოგს საერთოდაც ახლავს პატარა და იქვე სთხოვს სათამაშოს ყიდვას რომ ხედავს. ბაზრობის გახსნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩემთვისაც. ვიცოდი, რომ 25-დან ვიხსნებოდით. გუშინ კი ადგილზე მისულს მითხრეს, რომ გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ მოვაჭრეები," - ამბობს ჭანჭალეიშვილი.

ცნობისთვის, ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები.

როგორც ბიზნესომბუდმენი ამბობს, მოლები და ბაზრობები მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორებია და მაღალი რისკის გამო მათი ამუშავება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

ბიზნესასოციაციაში კი მიაჩნიათ, რომ ფეხსაცმლების და თეთრეულის მაღაზიების გახსნა ინფიცირების საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომ მათი გახსნა შესაძლებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system