თავში

რატომ ვერ იგებენ ტენდერებს ქართული კომპანიები

რატომ ვერ იგებენ ტენდერებს ქართული კომპანიები
რატომ ვერ იგებენ ტენდერებს ქართული კომპანიები

სპეციალისტების განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი - საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით განხორციელებული საჯარო შესყიდვების საერთო მოცულობა 3 დან 5 მლრდ ლარია, რაც ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% ს აღემატება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 60%-მდეა. ფინანსისტები პრობლემადც მიიჩნევენ იმას, რომ წლებია, არსებითად არ გაზრდილა შემსყიდველი ორგანიზაციების რიცხვი, რომელიც 3000 შეადგენდა შესყიდვების კანონმდებლობის ამოქმედებისას, 2000 წელს და სადღეისოდ დაახლოებით 4500-ია. ამავე პერიოდში 5000 მიმწოდებლიდან მათი რაოდენობა ბუნებრივად გაიზარდა დაახლოებით 4100 მდე ბიუჯეტის ზრდასთან ერთად... ტენდერების რიცხვი 30 000 ფარგლებშია.

ევროპაში პირდაპირი ტენდერები არ უნდა აღემატებოდეს საერთო ტენდერების 5%-ს. საქართველოში კი პირდაპირი ტენდერები 37-40%-ს აღწევს. თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, რატომ არ უახლოვდება ქვეყანა ევროპას ტენდერებით. სამართალმცოდნე და ეკონომისტი, ირაკლი თევდორაძე, ამბობს, რომ ქართული ბიზნესის განვითარებისთვის დაკვეთების შესრულება ქართულ კომპანიებს მეტად უნდა ანდონ იმისთვის, რომ ბიზნესმა წინ წასვლა შეძლოს, განაახლონ ტექნოლოგიები, აღჭურვილობა და შეძლონ ტენდერების მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

თევდორაძე გვეუბნება, რომ, როცა ცხადდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მოთხოვნები ისეთია, რომ ვერც ერთი საქართველოში მომუშავე კომპანია მას ვერ აკმაყოფილებს, თუ არ შეიქმნა კონსორციუმი საერთაშორისო ფირმასთან. ანუ გამოდის, რომ უცხოელები იგებენ ტენდერებს და მისი ქვეკონტრაქტორები, ქართველი კომპანიები, ანუ დაბალი კვალიფიკაციის კადრები, ასრულებენ საქმეს, რომლებსაც თავისით დამოუკიდებლად ტენდერში საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებაც არ შეეძლოთ. ამგვარადა, თანხა გადის ქვეყნის გარეთ და არ ხდება ჩვენი ადგილობრივი ბიზნესის გადაიარაღება, განვითარება. საქმეს კი ისევ ნაკლებკვალიფიციური კომპანია ასრულებს.

ირაკლი თევდორაძე ცალკე პრობლემად ასახელებს, საეჭვო რეპუტაციის მქონე ბიზნესების მონაწილეობის მაღალ წილს ტენდერებში. საერთაშორისო პრაქტიკით კორუფციასთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებში ჩართვა უნდა შეიზღუდოს. კითხვაზე, რა ძირეული განსხვავებებია საქართველოს და უცხო ქვეყნების სატენდერო სტანდარტებს შორის, ბიზნესსამართლის სპეციალისტის ასე გვპასუხობს:

"ჩვენთანაც ერთი შეხედვით ევროპულია. არის შავი სიები, თეთრი სიები და გაფრთხილებულთა სიები. მაგრამ ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს. მაგალითად პირობითად იქს იგრეკ კომპანიის ომეგა კომპანიამ დაარღვია სატენდერო პირობები, გაშავდება მხოლოდ ომეგა კომპანია და იქს-იგრეკ პირი წავა და ისევ 105 ლარად ლარად დაარეგისტრირებს ახალ კომპანიას და იმით შევა ტენდერში. კონტროლი არაა. ან არის უკიდურესად სუსტი. პირებსაც უნდა აეკრძალოს ტენდერებში მონაწილეობა," - განმარტავს ირაკლი თევდორაძე. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო შესყიდვების სისტემური რეფორმისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პირველი თავმჯდომარე თემურ ხომერიკიც.  მისი მტკიცებით, მოქმედი სისტემა საჭიროებს არსებით ცვლილებას და კანონმდებლობა დასახვეწია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი გატანილია კანონიდან კანონქვემდებარე აქტებში, სადაც მეთოდურ- პრაქტიკული საკითხები ჩანაცვლებული იურიდიულ/პროცედურული ნიუანსებით, სააგენტოს ერთსა და იმავე საკითხზე გაცემული განმარტებები ხშირად წინააღმდეგობრივია და მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს, მთელი აქცენტი გადატანილია ვადებისა და მონეტარული ზღვრის დაცვაზე, რომელთა ადექვატურობაც გონივრულ ფარგლებში ვერ ჯდება.

თემურ ხომერიკი მიიჩნევს, რომ მთავარია გადაიჭრას, როგორც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებული, ასევე მის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები... მათ შორისაა კანონის გავრცელების სფეროსთან დაკავშირებული გამონაკლისების გრძელი სია; შესყიდვების სპეცწესები და გამარტივებული წესები; გამოყენებული საშუალებების შერჩევისა და მონეტარული ზღვრების, ასევე ვადების რაციონალობის პრობლემა; დავების საბჭოს დამოუკიდებლობა და ქმედუნარიანობა; შესყიდვის მიმდინარეობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მონაცემების სისრულე.

ხომერიკის თქმით, მართალია, გაიზარდა eProcurement სისტემის შესაძლებლობები, მაგრამ მხოლოდ პროცედურული რეგლამენტირების და ტექნიკური განახლების მიმართულებით, როგორც თემურ ხომერიკი განმარტავს, ბევრ შემთხვევაში შემსყიდველს ეძლევა დისკრეციული უფლება დააწესოს დაუსაბუთებელი მოთხოვნები, ჩაშალოს შესყიდვა და ა.შ. რაც ქმნის დისკრიმინაციისა და კორუფციის ხელშემწყობ გარემოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system