თავში

რატომ ვერ მივიდა სახელმწიფო ფული ბიზნესამდე - Exclusive

რატომ ვერ მივიდა სახელმწიფო ფული ბიზნესამდე - Exclusive
რატომ ვერ მივიდა სახელმწიფო ფული ბიზნესამდე - Exclusive

20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით გამოიყო, აუთვისებელია. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, მიზეზი ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის არარსებობაა. პროგრამა სპეციალურად მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შეიქმნა და გულისხმობს ბიზნესისგან ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას სახელმწიფოს მხრიდან.

გამოდის, რომ ქვეყანაში, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესი ფინანსებზე წვდომის ნაკლებობაზე ჩივის, მეორე მხრივ, სპეციალურად მათთვის შექმნილი ფონდი მთლიანად აუთვისებელი დარჩა.

მიზეზის გარკვევას report.ge მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტთან, მიხეილ ჭელიძესთან შევეცადეთ.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, 20-მილიონიანი საგარანტიო ფონდის არსებობის შესახებ მცირე საწარმოებს ინფორმაცია არ ჰქონიათ. ჭელიძის თქმით, ამგვარი მასშტაბური პროექტების ინიციატივების შესახებ მძლავრი საინფორმაციო კამპანიაა საჭირო.

"ჩემი ასოციაციის წევრების უმეტესობამ არც კი იცოდა ამ შესაძლებლობის შესახებ. როცა ასეთი პროგრამა იგეგმება, ორი მარტივი რამ უნდა გაკეთდეს: პირველი, უნდ დამზადდეს მოკლე, გასაგები საინფორმაციო სარეკლამო რგოლები და გავიდეს ტელევიზიებში მინიმუმ ერთი თვის მანძილზე. მეორე,  ეს ინიციატივა უნდა აიტვირთოს RS.gov.ge-ზე, იგივე შემოსავლების სამსახურის ვებ.პორტალზე. როგორც წესი, აქამდე ეს ასეც ხდებოდა, რატომ არ მოხდა საგარანტიო ფონდთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით. როგორც წესი, ბიზნესის წარმომადგენლები ამ გვერდს მოიხმარენ აქტიურად. შესაძლოა, ჩემს ასოციაციასაც მეტი ყურადღება უნდა დაეთმო 20-მილიონიანი საგარანტიო ფონდის არსებობაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფო ანგარიშვალდებული არაა ამგვარი პროექტების "დაპიარებაზე" მუშაობდეს, თუმცა კარგი იქნებოდა, მასაც არ გამოპარვოდა ეს შესაძლებლობა, რაც დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა. ფაქტია, რომ კაპიტალის შოვნის შესაძლებლობა ბიზნესმა ამ შემთხვევაში დაკარგა. შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით მუშაობას გავააქტიურებთ," - უთხრა report.ge-ს მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system