თავში

რით შეიძლება შემცირდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება - Exclusive

რით შეიძლება შემცირდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება
რით შეიძლება შემცირდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება - Exclusive

საქართველოსთვის ევროპის ენერგოდივერსიფიკაციისა და რუსულ გაზზე ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის დამოკიდებულების შემცირებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს ევროპის ბაზრებისთვის განკუთვნილ „გაზის სამხრეთ დერეფანს“, - ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განუცხადეს. 

როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ აგვიხსნა " გაზის სამხრეთ დერეფნის" განვითარების უკვე ადრეულ ეტაპზევე კონსორციუმთან გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა შეასრულა სტრატეგიული ფუნქცია და შეამცირა საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე. 

"სამხრეთ კავკასიური მილსადენის და შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებული გაზის წყალობით, ბუნებრივი გაზის სფეროში საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება ამ ეტაპზე, აბსოლუტურად მინიმალიზებულია. რუსული გაზის წილი მოხმარების წლიურ ბალანსში მხოლოდ 7-8 %-ს შეადგენს," - განუმარტა report.ge-ს ბახტაძემ.

გაზისაგან განსხვავებით, რუსეთზე დამოკიდებულება დიდია ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხში. იანვარში ქვეყანამ 214.26 მლნ. კვტსთ ელექტროენერგია იყიდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 1 მლრდ 217 მლნ 878 ათასი მლნ.კვტ სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (1 მლრდ 149 მლნ 460 ათასი მლნ.კვტ სთ) დაახლოებით 6%–ით მეტია.

1 031 მლნ კვტ.სთ ადგილობრივი გენერაციის ობიექტებმა გამოიმუშავეს. ქვეყანამ იანვარში ყველაზე დიდი მოცულობის ელექტროენერგია რუსეთუიდან შეიძინა. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი საერო იმპორტში 136.806 მლნ.კვტ.სთ-ია. აზერბაიჯანიდან კი ქვეყანამ იანვარში 77.455 მლნ კვტ.სთ შეიძინა.

განახლებადი ენერგიის ექსპერტი ენერგეტიკოსი პაატა დავითური გვისხსნის, რომ საქართველო ბუნებრივად ფლობს მზისა და ქარის ენერგიას, რასაც ამ ეტაპზე ქვეყანა მინიმალურად იყენებს. 

"რატომღაც ხელისუფლება მეტ აქცენტს აკეთებს ჰიდრო პოტენციალზე და ცდილობს ჰესების აშენების საჭიროებაში დაარწმუნოს მოსახლეობა. მათ ნაწილობრივ ვეთანხმები, თუმცა სათანადო ყურადღების მიღმა რჩება ენერგიის ისეთი ალტერნატიული წყაროები, რომელსაც უშურველად გვჩუქნის დედა-ბუნება. მეტი ქარისა და მზის სადგურები უნდა აშენდეს ქვეყანაში. ეს უნდა გაიწეროს ყველა მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში. სხვანაირად ენერგოდამოუკიდებლობას ვერასდროს მიაღწევს ქვეყანა და მუდმივად მოგვიწევს ელექტროენერგიის ყიდვა, თან რუსეთისგან ყიდვა, რომელიც სტაბილურად მომწოდებელი არაა. როცა უნდა მოგვყიდის, როცა უნდა - არა. გვახსოვს ხო, გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდება რომ შეგვიწყვიტა? ეს ბუბნებრივია, ის ხომ მტრული სახელმწიფოა. ოკუპირებული აქვს ჩვენივე ტერიტორია. სანამ გვაწვდის, ეს დრო უნდა გამოვიყენიოთ, რომ ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროები ამავუშაოთ," - გვეუბნება ენერგეტიკოსი. 

ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ამ სფეროში მხოლოდ ორ ობიექტზეა ჩადებული. ერთი ესაა ქუთაისში მდებარე მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი კომპანიის, “აე სოლარის” ავტომატური რობოტიზებული კონვეირების უახლესი საწარმო, რომელიც 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. მეორეა შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ მიერ აშენებული ქარის ელექტროსადგური გორში, რომლის სიმძლავრე 20,7 მეგავატია. მის 50,1 %-ს ფლობს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი", 49,9 %-ს საქართველოსა ნავთობისა და გაზის კორპორაცია" განკარგავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system