თავში

რითაა განსაკუთრებული ქართული მთის რუხი ფუტკარი

რითაა განსაკუთრებული ქართული მთის რუხი ფუტკარი
რითაა განსაკუთრებული ქართული მთის რუხი ფუტკარი

ქართული მთის რუხი ფუტკარი კავკასიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების მაგალითია. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ განსაზღვრული 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ ერთ-ერთი კავკასიის რეგიონია. გარდა ამისა, ორგანიზაცია „საერთაშორისო კონსერვაციის“ (Conservation International) მიერ განსაზღვრული ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილიდან, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული და იმავდროულად სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან, საქართველო შედის ბიომრავალფეროვნების ორ ცხელ წერტილში. საქართველოს მთებში შემორჩენილი ტყის მასივები დედამიწის ზომიერ სარტყელში უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეებია, რაც მათ გლობალურ მნიშვნელობას განაპირობებს. საქართველოში ფაუნის 16,000, ხოლო მცენარეების 6,500 სახეობა აღირიცხება, რომელთა 25 პროცენტი დამახასიათებელია მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის. ქართული მთის რუხი ფუტკარი სწორედ ამ ჩამონათვალშია.

კავკასიურ რუხ ფუტკარს აქვს უნიკალური თვისებები: გრძელი ხორთუმი, კლიმატის მიმართ გამძლეობა, თვინიერება და პროპოლისისა და თაფლის დიდი რაოდენობით დამზადების უნარი. სწორედ ამ მახასიათებლების გამო კავკასიურმა რუხმა ფუტკარმა სხვადასხვა წლებში საერთაშორისო გამოფენებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ქართული ოფისის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო დარგებს შორის მეფუტკრეობა გარემოს მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული საქმიანობაა. ამავდროულად, ეს სარფიანი ბიზნესია, რომელსაც შედარებით დაბალი დანახარჯებით საკმაოდ დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია. რაჭაში მეფუტკრეობა განსაკუთრებით ახალგაზრდებს იზიდავს. მათთვის ეს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების წყაროა, მაგრამ ასევე მშობლიურ რეგიონში დარჩენის საბაბიც.

უკანასკნელ წლებში მაღალმთიანი რეგიონების დეპოპულაცია ნამდვილ პრობლემად იქცა. მაგალითად, რაჭამ გასული 30 წლის მანძილზე მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მსგავსი საფრთხე საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებსაც ემუქრება.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ქართული ოფისის განმარტებით, მთაში სიღარიბის დონე კვლავ მაღალია, ხოლო მოსახლეობა როგორც ეკონომიკურ, ასევე კლიმატურ გამოწვევებს უმკლავდება. საქართველოს დასახლებული პუნქტების თითქმის ნახევარი მაღალმთაზე მოდის, მაგრამ მთაში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 9.7 პროცენტი ცხოვრობს. ორგანიზაციის შეფასებით, 2015 წელს საქართველომ მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რამაც მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ჩაუყარა საფუძველი. 2019 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პირველი ოთხწლიანი სტრატეგია მაღალმთიანი დასახელებების განვითარების შესახებ. სტრატეგია ითვალისწინებს 2019-2020 წლებში 240 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას მაღალმთის ეკონომიკური განვითარების, სოციალური პირობებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

2016 წლიდან დღემდე საქართველოს 1,800-მდე დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, ხოლო მთიან რეგიონებში არაერთი ადგილობრივი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

UNDP-ის დახმარება ორ მასშტაბურ პროგრამას ეყრდნობა - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროექტს, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების 5.5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით ხორციელდება, შვეიცარიის მიერ 3.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსებულ პროექტს, რომელიც პროფესიული განათლების რეფორმის გატარებასა და ფერმერებისთვის განათლებისა და კონსულტაციის (ექსტენციის) სისტემის შექმნას ემსახურება. ორივე პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

UNDP-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დაცვასა და განვითარებას და დაეხმაროს ქვეყანას შეიმუშავოს და გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მთის ეკონომიკურ მდგრადობას, მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნებს მის უნიკალურ მრავალფეროვნებას და დაიცავს ბალანსს ადამიანებსა და პლანეტას შორის.

20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system