თავში

როგორ დაეხმარება აზიის განვითრების ბანკი საქართველოს ეკონომიკას

როგორ დაეხმარება აზიის განვითრების ბანკი საქართველოს ეკონომიკას
როგორ დაეხმარება აზიის განვითრების ბანკი საქართველოს ეკონომიკას

მიმდინარე პანდემიის გამო რეგიონის ეკონომიკის ზარალი დაახლოებით 60-დან 279 მილიარდ აშშ დოლარამდე იქნება, – ასეთია საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლის ,შეინ როზენტალის პროგნოზი.

აზიის განვითარების ბანკს პანდემიის გავლენის სამი შესაძლო სცენარი აქვს შემუშავებული: ყველაზე მსუბუქი, საშუალო და ყველაზე მძიმე. 

ამ სცენარებით, მსოფლიო ეკონომიკის ზარალი 77 მილიარდი აშშ დოლარიდან 347 მილიარდამდე მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ გლობალურ დონეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0.1-დან 0.4 პროცენტამდე შემცირდება.

როზენტალის განმარტებით, პანდემიის შედეგად შენელებული ეკონომიკური აქტივობა და სამომხმარებლო მოთხოვნა ყველაზე მეტად ღარიბ ფენას აზარალებს, ამიტომ მოცემულ ვითარებაში სახელმწიფოს პრიორიტეტია, ვირუსი შეანელოს და დარწმუნდეს, რომ ეკონომიკური აქტივობის განახლებამდე ბიზნესი და მოსახლეობა მდგრადობას ინარჩუნებს.

„წარმოება შენელებულია და ამავე დროს მომხმარებელიც პასიურობს, რადგან შეჩერებულია ხალხის მოძრაობა, ეკონომიკური აქტივობა. ამ ყველაფრის შენელება, როგორც ვიცით, ვირუსის გავრცელების ერთადერთი გზაა. გასათვალისწინებლია, რომ ამ ყველაფრის შედეგად მოსახლეობის ღარიბი ნაწილი ზარალდება, ვისაც მცირე დანაზოგი ჰქონდა, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული ან თანხას ნაღდი ანაგარიშსწორებით იღებდა. ნაციონალური ეკონომიკაც ძირითადად პანდემიაზეა დამოკიდებული. ფასების ცვალებადობის ფონზე სახელმწიფოებს ძალიან მცირე ვადებში უწევთ ვირუსთან გამკლავება. პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოების პრიორიტეტი ახლა არის ვირუსის გავრცელების შენელება და დარწმუნება, რომ ეკონომიკური აქტივობის განახლებამდე ბიზნესები, ოჯახები მდგრადობას ინარჩუნებენ. ასევე, პრიორიოტეტია, რომ ეკონომიკური აქტივობა ეფექტურად და შედეგიანად განახლდეს“, – აცხადებს აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი და დასძენს, რომ საქართველო, ბევრ ქვეყანასთან შედარებით, ბევრად უკეთ გამოიყურება. მისივე თქმით, აქამდე საქართველო პანდემიის გამოწვევას მრავალ ქვეყანაზე უკეთ გაუმკლავდა და ახლა მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს ეკონომიკას.

„სახელმწიფომ მიიღო ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო ეფექტური ზომები, შემთხვევები ძალიან დაბალი ინტენსივობით იზრდება, თუმცა მდგრადობა კომპლექსურად მიიღწევა და ამაში ყველა ადამიანს, ვინც სახლში რჩება, წვლილი შეაქვს. მე მჯერა, რომ საქართველო რეალურად მოწინავე ქვეყანაა სხვა ბევრ ქვეყანასთან შედარებით. ჩვენ ვნახეთ შეზღუდვები და ქვეყანაში ჩასული მგზავრების ტესტირება საკმაოდ ადრეულ ეტაპზე. ასევე, ვნახეთ საგანგებო ზომები დაახლოებით ერთი კვირის წინ. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ამ კუთხით ძალიან კარგად გამოიყურება. თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება და გააანალიზოს, რომ მათი კონტრიბუცია სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდას ემსახურება“, – ამბობს შეინ როზენტალი და დასძენს, რომ აზიის განვითარების ბანკი პანდემიის ფარგლებში საქართველოს დახმარებას უკვე არსებული პროექტების ადაპტირებითა და გაძლიერებით მოახდენს.

აზიის განვითარების ბანკმა გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში განვითარებადი სახელმწიფოების მხარდასაჭერად 6.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

"საქართველოსთვის პირველადი პრიორიტეტია ეკონომიკური კუთხით დახმარება. როგორც ადრეც ვისაუბრეთ, ეს უნდა მოხდეს ჩვენი პროგრამების ადაპტირებითა და გაძლიერებით, რომლებიც უკვე მზადების პროცესშია. ამით ჩვენ გვაქვს საშუალება, დავეხმაროთ ბიუჯეტს, რათა თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი ფისკალური ხარვეზები მსგავს სიტუაციებში. ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ მსგავსი სწრაფი რეაგირება საქართველოში 2008-2009 წლებში, რათა ხელი შეგვეწყო ქვეყნის პოსტკონფლიქტური მდგომარეობიდან გამოსვლისთვის. ეს შეიძლება, იყოს უკვე დაგეგმილი პროექტების დამატებითი კომპონენტი, ენერგეტიკის, გზების მშენებლობის, წყლის რესურსის მართვის, ურბანული განვითარებისა და განათლების სფეროებში. ჩვენ ბევრი აქტიური პაკეტი გვაქვს. გასულ წელს ჩვენ დავადასტურეთ 600 მილიონის გამოყოფა და ეს პროგრამა ჯერ ისევ გრძელდება. ჩვენ ფოკუსირებული ვართ სხვა შესაძლებლობებზე. მაგალითად, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, წარმოების მიმართულებით. გვსურს, კერძო სექტორს ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენაში დავეხმაროთ. გვაქვს დაფინანსების პროგრამა, რომელიც ემსახურება ბანკების გაძლიერებას მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიმართულებით, რადგან ისინი ამ კრიზისის დროს მძიმე დარტყმას ელოდებიან. კონკრეტულად კერძო სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში დაანონსდება. ჩვენი გუნდი ძალიან ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით. მე მივიღე დღეს ბოლო ცნობები და გაოცებული ვარ, ისეთ ტემპებში მიდის მუშაობა“,– აცხადებს როზენტალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system