თავში

როგორ გაიზრდება ქართული პროდუქტის ხელმისაწვდომობა

როგორ გაიზრდება ქართული პროდუქტის ხელმისაწვდომობა
როგორ გაიზრდება ქართული პროდუქტის ხელმისაწვდომობა

აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ ქართული წარმოების არსებული  შესაძლებლობები არარენტაბელურად გამოიყენება. ამის მიზეზად, როგორც აროშიძე ამბობს, ადგილწარმოშობის ზოგიერთი პროდუტი არათუ გარე ბაზრებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზეც ძნელად ხელმისაწვდომია. მეცნიერი ფიქრობს, რომ  მასტიმულირებელი პოლიტიკით და ასევე ცოდნის დანერგვით შესაძლებელია, რომ აგრარული სექტორის წილით საქართველო ქვეყნები 50-ეულში შევიდეს, როცა დღეს იგი 93-ე პოზიციაზეა.

,,ჩვენი დიდი პრობლემაა, რომ არსებულ შესაძლებლობებს ვერ ვიყენებთ. აგროსამრეწველო კომპლექსი არ არის განვითარებული. 90-იან წლებამდე ეს შესაძლებელი იყო, პროდუქტი მოყვანიდან გადამუშავების სრულ ციკლს მოიცავდა, რაც პრაქტიკულად არ გაგვაჩნია. 3-4 საკონსერვო ქარხანაა სულ, მაშინ როცა ყველა მუნიციპალიტეტში თითო მაინც იყოს და ასევე ხილის გადამამუშავებელი კომბინატები არსებობდეს. გაგვაქვს მხოლოდ ნედლეული, თხილის ექსპორტში მეხუთე ადგილზე ვართ, მაგრამ მეოთხე ადგილზე მყოფ ქვეყანას 1000-ჯერ ჩამოვრჩებით, ამ დროს თხილი უდანაკარო კულტურაა და მისი გამოყენება წარმოების სრული ციკლით შეიძლება ჩამოყალიბდეს, რისთვისაც თხილის ქარხნები უნდა ავაშენოთ. მართალია, რამდენიმე ქარხანაა, მაგრამ მისი საქმიანობა ძირითადად თხილის გატეხვის პროცედურას არ სცდება და სრული ციკლი ვერ მოიცვა", - ამბობს აროშიძე და დასძენს, რომ აგრარული სექტორის წილით ქვეყანა ყოველთვის ბოლო ადგილზე იქნება, სანამ მზა პროდუქციის მიწოდებით არ დაკავდება და ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესებაზე არ იზრუნებს.

,,მარკეტინგული ღონისძიებებია გასაძლიერებელი, ერთია აწარმოო, მაგრამ მეორე, გაიტანო და ბაზარზე დამკვიდრდე. ღვინომ ნიშა დაიჭირა, კარგი მიგნებაა, მაგრამ აქაც დიდი შრომა დაგვჭირდება. მსოფლიოში კონკურენციის გაწევა ქართულ ღვინოს წამყვან ქვეყნებთან შდარებით, მაინც უჭირთ. ზოგიერთ პროდუქციაში კი იმდენად დიდი წყვეტა და დეფიციტია, რომ ადგილობრივ ბაზარზეც კი ძანელად ხელმისაწვდომია. მართალია, აგროწარმოებულ პროდუქციას მიენიჭა სხვადასხვა კეტეგორია, მაგრამ რეალურად რა რაოდენობით იწარმოება, ეს არის მნიშვნელოვანი. მაგალითისთვის, თუშეთში წარმოებული ჩეჩილი ყველი და ერბო, დასავლეთის მოსახლეობისთვის საერთოდ უცხოა ისევე, როგორც აჭარული კაიმაღის ყიდვას ვერ შეძლებს მთა-თუშეთი. ისე უნდა ვაწარმოოთ, რომ ჩვენი პროდუქტი ჯერ ადგილობრივ მოსახლეობაზე იყოს ხელმისავდომი, ამ მხრივ დიდი პრობლემაა. რაოდენობის და ხარისხის მხრივაც დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. არც ერთი ევროპელი მეწარმე არ დათანხმდება, რომ გაზაფხულზე მიაწოდო პროდუქტი და შემოდგომიდან შეწყვეტა მოხდეს, ასეთ ხელშეკრულებას ხელს არავინ მოაწერს. მიწოდების რაოდენობას თუ ვერ უზრუნველვყოფთ, პრობლემა ყოველთვის გვექნება, მაგრამ ამ ბარიერის დაძლევით გვაქვს შანსი, რომ ასექტორის წილით ქვეყნების 50-ეულში შევიდეთ. კონკრეტული, წერტილოვანი დარტყმებით აუცილებელია შედეგის მიღწევა", - ამბობს პაატა აროშიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, ეკონომიკაში(მშპ-ში), აგრარული სექტორის წილით საქართველო მსოფლიო სახელმწიფოთა შორის 93-ე ადგილზეა - ბელიზსა და ფილიპინებს შორის. ამის შესახებ აღნიშნულია პაატა კოღუაშვილისა და სოსო არჩვაძის ერთობლივ სტატიაში „საქართველოს სოფლის მეურნეობა თანამედროვე გამოწვევების წინაშე“.

დოკუმენტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დარგზე მოდის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა 38.9% და ქვეყნის მშპ-ს 7.2%, ანუ ამ სფეროში შრომის მწარმოებლურობა ეროვნულ მეურნეობაში შრომის საშუალო მწარმოებლურობის მხოლოდ 18.2%–ია და აღნიშნული მაჩვენებლით ეკონომიკის დანარჩენი დარგების საშუალო დონეს 8.2-ჯერ ჩამორჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system