თავში

როგორ მუშაობს სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭო

როგორ მუშაობს სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭო
როგორ მუშაობს სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭო

დღეს ბაქოში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართება სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭო მე -7 შეხვედრა.

ნავთობპროდუქტების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტმა, ილჰამ შაბანმა, განაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ აქვს, თუმცა მისი კოორდინირებული მუშაობა და კონსულტაცია-რეკომენდაცია გადაწყვეტილებების პროცესს დროში აჩქარებს.

შაბანმა განმარტა, რომ საბჭოს შექმნის ინიციატორი 2015 წელს აზერბაიჯანი იყო და მისი მთავარი მიზანი იყო პროექტის განხორციელების გრაფიკის კონტროლი. იმ დროს არსებობდა ოთხი პროექტი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყო. ერთი მათგანი ეხებოდა სამთო მოპოვებას, დანარჩენები კი ინფრასტრუქტურული იყო. მათ განხორციელებას დიდი ინვესტიციები და შრომატევადი სამუშაო სჭირდებოდა  და სწორედ ეს სამუშაო გასწია საბჭომ.

შაბანის შეფასებით, საბჭოს შექმნის ინიციატივა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ეკუთვნის, სწორი და დროული ნაბიჯი იყო. 

"ამ პლატფორმის არსებობამ პროექტში გაამართლა. აქ მონაწილე ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურები და პროექტში მონაწილე კომპანიები, თუ ფინანსური ინსტიტუტები წელიწადში ერთხელ იკრიბებოდნენ და შესრულებულ სამუშაოსეცნობიდნენ. აქვე ისახებოდა მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები," - განმარტა შაბანმა.

ილჰამ შაბანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროექტში აზერბაიჯანის უდიდესი მიღწევაა ხარჯების დაზოგვა, ევროპული სტანდარტების დაცვა და ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულება.

”ტრანს-ადრიატიკის გაზსადენში (TAP) ნაკლებად მოხერხდა თანხების დაზოგვა,თუმცა აზერბაიჯანმა ეს მოახერხა ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობაში. ამას ხელი შეუწყო, პირველ რიგში, მთავრობასა და ბიზნესს შორის მჭიდრო კონტაქტმა. ეს სინერგია ჩვენ ვნახეთ აზერბაიჯანსა და საქართველოში განხორციელებულ სხვა პროექტებშიც. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს აზერბაიჯანის, როგორც საიმედო პარტნიორის სტატუსს და მოწმობს, რომ სწორი კოორდინაციით სახსრების ეფექტურ მართვა სავსებით შესაზლებელია," - განაცხადა შაბანმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტრების პირველი შეხვედრა 2015 წლის 12 თებერვალს შედგა.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა.

შეგახსენებთ, 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ამ ფაქტს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორისგან ვითარებას მოყვა. პრემიერი გახარია განმარტავს, რომ თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა - ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში - ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system