თავში

როგორ შეიძლება აისახოს სუბსიდიის შეჩერება ფასებზე მომავალში

როგორ შეიძლება აისახოს სუბსიდიის შეჩერება ფასებზე მომავალში
როგორ შეიძლება აისახოს სუბსიდიის შეჩერება ფასებზე მომავალში

ლარის კურსის შედარებითმა სტაბილურობამ და საერთაშორისო ფასებმა გარკვეული გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინეს და რიგი დასახელების სურსათი გაძვირებას გადაურჩა. მართალია, მთავრობამ 9 პროდუქტის სუბსიდირება მოახდინა, მაგრამ თითქმის ყველა მათგანის ღირებულება უცხოურ ბაზრებზე შემცირდა. აქედან გამომდინარე, თუკი აღნიშნული პროდუქტის ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, იმპორტიორ ივა ჭყონიას შეფასებით, სუბსიდიის პროგრამის დამსახურება ნაკლებადაა. ჭყონიას თქმით, სუბსიდიის შეჩერება ფასებზე გავლენას რეალურად ვერ მოახდენს.

იმპორტიორი საუბრობს იმაზეც, რომ ფასების დაბალანსებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა კომპანიებისთვის უინტერესო აღმოჩნდა, რის გამოც დიდმა ნაწილმა პროგრამაში ჩართვაზე უარი თქვა. მოტივი კი იმ წარმოუდგენელი ფასების დადგენა იყო, რომელსაც მათ ხელისუფლება სთხოვდა. 

,,იმპორტიორების უმეტესობა სუბსიდიის პროგრამაში ჩართული არ იყო, შესაბამისად ის, რომ სუბსიდია არ იქნება და პროდუქტი გაძვირდება, არასწორი ნათქვამია. რაღაც კონკრეტული პირობები იყო, რასაც კომპანიები ვერ აკმაყოფილებდნენ. მათი უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო იმ პირობებით ჩართვა, რაც მითითებული იყო. ფაქტობრივად, კურსს აზღვევდა სუბსიდია, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე ამ ხნის განმავლობაში ფასები ძირითადად მცირდებოდა. რომ არა სავალუტო რყევები, ალბათ, უფრო მეტად შეიძლებოდა სურსათის გაიაფება. ნებისმიერი სავალუტო რყევა ბაზარზე  ნეგატიურად მოქმედებს. ახლა სტაბილურობისკენ მიდის კურსი და ეს რისკს ამცირებს. თუმცა მსგავსი ტენდენცია ადრეც იყო, მოკლევადიან პერიოდში და შეღავათის მაგივრად, ბიზნესიც და მომხმარებელიც ხშირი რყევების გამო დაზარალდა. უახლოეს პერიოდში კი, როცა სუბსიდია მოიხსნება, ამ შეღავათის გავლენა ფასებზე გასაგები მიზეზის გამო, უმნიშვნელო იქნება. ცხადია, გაიაფებას არ ველოდებით, მაგრამ არც გაძვირებას ვვარაუდობთ. ამ თვალსაზრისით, 15 ივლისი არაფერს გვეუბნება", - აცხადებს ჭყონია 

მისი თქმით, ყველაზე მეტი პრობლემა კომპანიებისთვის მოსახლეობის მსყიდთვითუნარიანობის კლებაა, რის გამოც რეალიზაცია მკვეთრად შემცირებულია. იმპორტიორის თქმით, პრობლემის გამოსწორება უმუშევრობის ზრდისა და სავალუტო რყევების ფონზე რეალურად შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის შესამსუბუქებლად  სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასები დააზღვია, თუმცა შემდეგში მას ხორბლის იმპორტის თანადაფინანსების კომპონენტი გამოეყო. სუბსიდიის პროგრამა 15 ივლისამდე გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system