თავში

როგორი დახმარება სჭირდება აგრარულ სფეროს UNDP-გან

როგორი დახმარება სჭირდება აგრარულ სფეროს UNDP-გან
როგორი დახმარება სჭირდება აგრარულ სფეროს UNDP-გან

აგრარული სფეროს ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ ქართულ სოფლებს დღეს ყველაზე მეტად ინტელექტუალური დახმარება სჭირდება. ამ მიმართულებით გაეროს მხარდაჭერას აროშიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, ფერმერები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოკლებული არიან, ამიტომ UNDP-ის მიღებული დახმარების მნიშვნელოვანი რესურსი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას უნდა მოხმარდეს. 

,,სოფლებისთვის, ამ შემთხვევაში, აჭარისთვის, მნიშვნელოვანია ინტელექტუალური დახმარება, ყველაზე მეტ დაბრკოლებას ცოდნის დეფიციტი გვიქმნის. გაეროს პროგრამები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ ეტაპზე სასურველი იქნება, თუკი ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი მოხმარდეს სემინარებს და ტრენინგებს, რომელიც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას. ფერმერებისთვის ჩატარებული ტრენინგები მათ საქმიანობაზე უნდა აისახოს, ამიტომ თუ რეალურად დაინტერესდნენ გლეხები, სარგებელს მიიღებენ. გაეროს საქმიანობა ამ მიმართულებით კარგია , თუმცა ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა პროექტის დაფინანსება დასრულდა და მისი არსებობაც მალე შეწყდა, რადგან შესაბამისი განათლება არ იყო, ამიტომ ვამბობთ ასე დაჟინებით, რომ სწავლებაში ჩადებული თანხა  უფრო მეტ შედეგს გამოიღებს", - ამბობს აროშიძე.

მისი თქმით, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ამა თუ იმ სოფლის საჭიროებებს და ადგილობრივ თვითმმართველობებთან კომუნიკაცია გაძლიერდეს.

ინტელექტუალური დახმარების საჭიროებაზე საუბრობს report.ge-თან სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე ამბობს, რომ უდიდესი პოტენციალი აგრარული სფეროს შესაძლებლობები აუთვისებელია იმის გამო, რომ ხალხს შესაბამისი ცოდნა არ აქვს, რაც მოსავლიანობაზეც ნეგატიურად მოქმედებს.

,,სოფლის მეურნეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების ხარისხს, მოსავლიანობა რომ გაიზარდოს, უნდა მოხდეს სწორი პროგრამირება, რათა მიიღო ის რაოდენობა, რომლითაც დაგეგმავ ბაზარს და საკუთარ წარმოებას. ცხადია, ადგილობრივ წარმოებაში დიდი პოტენციალია, მაგრამ ცოდნა-განათლება არ არის, არა მხოლოდ ფერმერები, აბსოლუტურად არაკომპეტენტური არიან ფერმერული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც კი, ცოდნის დეფიციტი შეიმჩნევა სახელმწიფო სტრუქტურებშიც, დაბალი ცოდნის დონით კი შეუძლებელია მოსავლიანობის ამაღლება. ამიტომ მნიშვნელოვანია საერტაშორისო ორგანიზაციების დახმარების დიდი ნაწილი სწორედ სწავლა-განათლებას მოხმარდეს, რადგან ამ მიამრთულებით დიდი დეფიციტია. სანამ ეს ვითარება არ გამოსწორდება, დარგის განვითარებაზე საუბარი გადაჭარბებული იქნება", - აცხადებს კობალაძე.

ცნობისთვის, 2021-2027 წლებში UNDP-ის პროგრამები მიმართული იქნება აჭარის სოფლის ეკონომიკურ და მდგრად განვითარებაზე. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის, ლუიზა ვინტონის, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე აღინიშნა. UNDP აჭარაში დღესაც ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით. 

აქვე განმარტეს, რომ UNDP-ის დაგეგმილი ინიციატივები ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა სოფლის განვითარება, დაცული ტერიტორიების მართვა და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ხელშეწყობა. მხარეებმა განიხილეს ის კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია აჭარაში გაეროს განვითარების პროგრამის უფრო ინტენსიური ჩართულობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system