თავში

როგორი ფასები გველის ზაფხულში

როგორი ფასები გველის ზაფხულში
როგორი ფასები გველის ზაფხულში

ზაფხულის მოახლოება და ახალი მოსავლის მიღება პროდუქტების გაიაფებას ვერ გამოიწვევს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გლობალურ ბაზრებზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფასები მაღლა იწევენ, საქართველოში ამ მდგომარეობას ამძიმებს ლარის კურსისც, რაც საბოლოოდ ფასების ზრდის ტენდენციას განსაზღვრავს. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში მოიმატა ზეთისა და წიწიბურას ფასმა, რის პარალელურად რუსეთმა ზაფხულის განმავლობაში წიწიბურას ექსპორტი აკრძალა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე გაჩნდა წიწიბურას დეფიციტის საფრთხეც, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომ ქვეყანას წიწიბურას ორი თვის მარაგი აქვს, რაც ქვეყნისთვის საკმარისია.

მსოფლიო ბაზარზე მალე ხორბლის ახალი მოსავლის აღება დაიწყება. იქამდე, როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა report.ge-თან აცხადებს, მარცვლეულის ფასი  მაღალ ნიშნულზე იქნება. 

,,გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირდა 20დოლარით, მაგრამ სხვაობა, დაახლოებით 15 დოლარი, ლარის კურსმა შთანთქა. დარჩა 5 დოლარი, რამაც ფქვილის 62 ლარამდე გაიაფების საშუალება მოგვცა, მაგრამ ესეც მაღალი ფასია. ამ მხრივ ლარი სერიოზული პრობლემაა, რასაც ვერაფერს ვუხერხებთ წლების განმავლობაში. დაახლოებით ერთ თვეში ჩამოყალიბდება, რა მოსავალი იქნება მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. რეალურად მთავრობის გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ არა სუბსიდირებას, თუ გაუშვებს პურის ფასს თავისუფალ ბაზარზე“, - ამბობს ლევან სილაგავა.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ზაფხული გველის.

,,საქართველოში პრობლემის სათავეა საწვავის გაძვირება, ასევე, კომუნალური გადასახადების ზრდა და გაუფასურებული ვალუტა. ეს ოთხი მდგენელი არის ფასების გაძვირების ძირითადი კომპონენტი საქართველოში როგორც პროდუქციაზე, ასევე მომსახურებაზეც. მსოფლიოში ძალიან მოიმატა ცხიმის ღირებულებამ. ყველაზე იაფიანი ზეთიც კი საგრძნობლად გაძვირებულია. საწვავის ფასიც მომატებულია. მეორე კვარტალის შემდეგ ფასები  ერთ ბარელზე 60-დოლარიან მაჩვენებელს შეიძლება მიუახლოვდეს, მაგრამ 50 დოლარზე დაბლა არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვა“, - ამბობს ნიკა შენგელია და დასძენს, რომ  ფასების კლება, ისიც მხოლოს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ივლისიდან, როცა საქართველოში მასობრივად შემოვა ადგილობრივი პროდუქტი, ძირითადად, ბოსტნეული და იმპორტის საჭიროება აღარ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system