თავში

როგორი იქნებოდა მშპ ციფრებში - ტურიზმის გამოკლებით

როგორი იქნებოდა მშპ ციფრებში - ტურიზმის გამოკლებით
როგორი იქნებოდა მშპ ციფრებში - ტურიზმის გამოკლებით

ეკონომიკა სექტემბერში მყარ პოზიტიურ ცვლილებას აჩვენებს, რაც ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, პირველად მოხერხდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გაუმჯობესება გაცილებით თვალსაჩინო იქნებოდა, რომ გათვალისწინებულ იქნას ტურისტული ინდუსტრიის დანაკარგი და ძირითადი პარამეტრის დადგენისას სექტორის წილი მოაკლდეს ეკონომიკას. ასეთ შემთხვევაში, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ვარაუდობს, კლების ნაცვლად, ზრდა 4,5%-იან მაჩვენებელს მიაღწევდა.

,,პოზიტიური მუხტი გროვდება და არსებით გარდატეხაში გაიზრდება. ამას სულ მალე მოვესწრებით, თუკი ფორსმაჟორული სიტუაცია არ მოხდება, პოზიტიური ზრდა გვექნება. მართალია სექტემბერში ეკონომიკა 0,7 %-ით შემცირდა, მაგრამ ტურისტულ ინდუსტრიას თუ გამოვაკლებთ, რომელმაც აბსოლუტური კლება განიცადა, ამის გარეშე მშპ კი არ შემცირდა, 4,5%-ით გაიზრდებოდა. თუმცა ეს პირობითი დაშვებაა, რადგან ყველა დარგს თავისი წონა აქვს ეკონომიკაში", - ამბობს არჩვაძე და დასძენს რამდენიმე ფაქტორზე, რამაც მისი თქმით ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილება გამოიწვია.

სტატისტიკოსი აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე, ტურიზმიანად, ეკონომიკაში მაინც დაფიქსირდება ზრდა და არსებით გარდატეხას ექნება ადგილი, რაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

,,ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველად გავედით ზღვარზე, როცა სასწორის ორივე პინა გაწონასწორებულია.  ეს იძლევა მყარ საფუძველს, რომ ეკონომიკის არა ამჟამინდელ სიტუაციას, არამედ პერსპექტივას ოპტიმიზმით შევხედოთ. აშკარაა, რომ სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორის მიხედვით, წლის ბოლომდე ზრდის მეტი შესაძლებლობა ჩანს და დიდი ალბათობაა, რომ ჩვენ დეკემბრის ბოლოს ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 0.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.0 პროცენტია.

პრემიერ-მინიტრ გიორგი გახარიას შეფასებით, სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა მინიმუმამდეა დასული, რაც მისი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებთან, ბიზნესთან და მთავრობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მოხერხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system