თავში

როგორი საგადასახადო პოლიტიკა სჭირდება ბიზნესს

როგორი საგადასახადო პოლიტიკა სჭირდება ბიზნესს
როგორი საგადასახადო პოლიტიკა სჭირდება ბიზნესს

საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ პირობად სპეციალისტები საგადასახადო შეღავათს მიიჩნევენ. თუმცა აქვე დასძენენ, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა ქვეყნის ბიზნეს გარემო, რისკების შეფასება და ქვეყნის მსყიდვითუნარიანობა. ამ მხრივ, როგორც აუდიტორი ირაკლი შავიშვილი report.ge-თან განმარტავს, გარკვეული გამოწვევა არის, თუმცა მთავარი მაინც გადასახადების სიდიდეა და კარგი იქნება თუ შეღავათები თანაბრად შეეხება ყველა კატეგორიის ბიზნესს. 

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ საერთაშორისო სტატუსის მქონე ქართულ და უცხოურ კომპანიებისთვის საშემოსავლო და მოგების გადასახადები 5%-მზე შეუმცირდებათ, აუდიტორი დადებითად აფასებს და საუბრობ სხვა გამოწვევებზეც, რაც მისი თქმით, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს.

,,გადასახადების შემცირება კარგია, მაგრამ გასათვალსიწინებელია ისიც, კომპანიებს რა ვალდებულებებს დაუწესებს სახელმწიფო. საგადასახადო კოდექსში არის მუხლები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური კომპანიების სტატუსს აწესებს და მათ ისედაც გარკვეული შეღავათები აქვთ. გადასახადების შემცირებას ზედმეტ დატვირთვას ვანიჭებთ ხოლმე, თუმცა თუ 10%-ს იხდიდა მეწარმე და 5%-ს გადაიხდის, დიდი შეღავათია. ინვესტირების გადაწყვეტილებაში დიდი ყურადღება ექცევა სხვა პირობებსაც - ბიზნეს გარემოს სტაბილურობას, რისკების შეფასებას და სხვა. გადასახადის ზომის გარდა, სხვა დეტალებიც ფასდება. თუკი ამ რისკებში კარგად ჯდება საგადასახადო განაკვეთები, კომპანიებს ასეთი შეღავათი საგრძნობლად წაახალისებს. არის ქვეყნები, სადაც საერთოდ რომ მოგიხსნან გადასახადი, მაინც არ მოგინდება შესვლა. დღევანდელ სიტუაციაში, პანდემიის ფონზე გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია", - განმარტავს შავიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს შემთხვევაში, პრობლემაა კანონმდებლობა, რომელიც  ძირითადად მსხვილ ინვესტიციებზეა ორიენტირებული. 

,,შედარებით წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის პირობები მთლად ხშირად არ არის კარგი. ინდმეწარმეებს აქვთ გარკვეული შეღავათები, მაგრამ ამით ყველა ვერ სარგებლობს. თანაც, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საგადასახადო ტვირთი საკმაოდ მაღალია. მთლიანი მიღებული შემოსავლების 1/3 გადასახადებს უჭირავს. საქართველოს პირობებში, როცა მშპ 1 სულ მოსახლეზე 4 000 დოლარია, ამ ზომის გადასახადი ძალიან დიდი ტვირთია. სექტორული შეღავათები კი არ უნდა იყოს, მთლიანად უნდა იყოს ქვეყანა თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან მიახლოებული მაინც. თანაც, ბიუჯეტი გვეზრდება და ეს მეწარმეებისთვის არის პრობლემა, რადგან ისინი ქმნიან დოვლათს და ამით ბიუჯეტს ავსებენ. არასახარბიელო მდგომარეობაა, მით უმეტეს, მცირე ბაზარია, რომლის მსყიდვითუნარიანობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ასევე არის დაბალი, შეიძლება იგივე რაოდენობის მოსახლეობით, ზოგ ქვეყანას 10-ჯერ მეტი მსყიდვითუნარიანობა ჰქონდეს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება კარგია, საბიუჯეტო ხარჯი უნდა შეამცირონ და ამის პარალელურად ხდებოდეს გადასახადების კლებაც", - აცხადებს აუდიტორი.  

ცნობისთვის, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის გადასახადის შემცირებაზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სავარაუდოდ ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და IT- კომპანიები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system