თავში

როგორი უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთები პენსიონერთა სესხებზე

როგორი უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთები პენსიონერთა სესხებზე
როგორი უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთები პენსიონერთა სესხებზე

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საპროცენტო განაკვეტები სესხებზე, მათ შორის, პენსიონერთა მიმართებაშიც, ინფლაციის მაჩვენებელს 4-5%-ზე მეტად არ უნდა აღემატებოდეს. ის, რომ საქართველოს შემთხვევაში, პენსიონერებს სესხების აღება 38%-ად უწევთ, არჩვაძის განცხადებით, არც ეკონომიკურად, არც სოციალურად და მორალურადაც, გამართლებული არ არის.

,,საპროცენტო განაკვეთები უნდა იყოს ინფლაციას დამატებით 4-5%, ეს არის ის მაქსიმალური სიდიდე, რომელიც  ჩვენს არასტაბილური პერიოდში საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავს. ეს ეხება ჩვეულებრივ სესხებზე პროცენტებს, ასევე საპენსიო სესხებსაც. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციაც დაბალია და საპროცენტო განაკვეთებიც, მაგალითაც, გერმანიაში ინფლაცია თუ იქნება 3%,  ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი 3%-იანი დანამატი სავსებით ნორმალურია, თუმცა იქ სესხების გაცემა გაცილებით დაბალი პროცენტითაც არის შესაძლებელი. საქართველოში, წინსწრები წესით აღების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი არის 38% და, როგორც იქნა, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. სახელმწიფოს ფუნქციაა არა მხოლოდ გარკვეული სოციალური პროტექციონიზმის გატარება  საზოგადოებაში, არამედ თამაშის სამართლიანი, ცივილური ნორმების დაწესება. გარკვეულწილად, სანქციების გატარება მათ მიმართ, რომლებიც ჯიუტად არღვევენ ამ თამაშის წესებს. არის ეთიკური ნორმა, რასაც იურიდიულ კანონებში ვერ გადავიტანთ, მაგრამ როცა ეს ნორმა სისტემატურად ირღვევა, მაშინ საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ მისი დაცვა იურიდიულად, კანონის მეშვეობით გახდეს შესაძლებელი", - აცხადებს არჩვაძე report.ge-თან.

როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, მევახშეობის ელემენტები შემოდის ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფის მიმართებაში, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია ასეთი არაჰუმანური ვალდებულება შეასრულოს და ქცევის წესები განუსაზღვროს კრედიტორებს, კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. 

პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომისტი გივი მომცელიძე. მისი თქმით, ამ კატეგორიის სესხებზე პროცენტი, ჩვეულებრივ სესხებთან შედარებით, 3-ჯერ მაღალია და მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს.

,,სესხებზე მაღალი პროცენტი ტვირთად აწვება პენსიონერებს, ყოვლად მიუღებელია და კარგია, რომ ახლა მაინც დაფიქრდნენ მის შემცირებაზე. ცოტა უცნაურია, რომ რეგულაცია გახდა საჭირო, ამდენი ხნის განმავლობაში ასე იმიტომ ხდებოდა, რომ მონოპოლიური მიდგომა იყო კონკრეტული ბანკის მხრიდან. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ძალიან ბევრი ადამიანისთვის შვება იქნება. ეს არის სოციალური ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რასაც წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ და აქამდე ამას ყურადღება არავინ მიაქცია", - ამბობს მომცელიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ადასტურებს, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია, თუმცა იმის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში ანტისაბანკო განწყობების არ უნდა გაღვივდეს. 

კოვზანაძე საკუთარ წინ პასუხისმგებლობას არ გაურბის და ამბობს, რომ სახელმწიფოს ამოცანაა, 800 000 პენსიონერს ყოფა შეუმსუბუქდეს და გაუუმჯობესდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system