თავში

როგორი უნდა იყოს სოციალური დაცვის სტრატეგია

როგორი უნდა იყოს სოციალური დაცვის სტრატეგია
როგორი უნდა იყოს სოციალური დაცვის სტრატეგია

სპეციალისტები არასამთავრობო სექტორის მოსაზრებას იზიარებენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანას გააჩნდეს სოციალური დაცვის გრძელვადიანი სტრატეგია, რაც ადამაინების კეთილდღეობას დაიცავს და კრიზისულ სიტუაციაში სტაბილურობის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს. ასე ფიქრობს სოციოლოგი, პროფესორი პაატა აროშიძე, აღნიშნული საკითხი სახელმწიფო რანგში უნდა აიყვანოს მთავრობამ და დროულად მიიღოს ზომები, რომ ქვეყანაში სოციალური დაცვის გარანტიები არსებობდეს.

,,ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს სტრატეგიული მიდგომები, მათ შორის სოციალური საქმიანობის მიმართულებით. როდესაც ხდება აქცენტის გადატანა ერთიდან მეორე საკითხზე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სად ვართ გაჩერებული, რომ შევძლოთ ამა თუ იმ საქმიანობის გაგრძელება. საქართველოს შემთხვევაში, როცა მთავრობის დონეზე ხდება საკადრო ცვლილება, მაგალითად, ინიშნება ახალი პრემიერ-მინისტრი, ის მოდის საკუთარი გეგმით, ჩამოყალიბებული მიდგომა არ არსებობს. მაგალითად, 20/20 სტრატეგიული განვითარების გეგმა არსებობდა, რაც სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო ვერ განხორციელდა და განზე გადადეს, რაც თავის დროზე დიდი შეცდომა იყო. ყველა განვითარებულ ქვეყანაში იციან, რომ აუცილებელია სოციალური დაცვის გარანტიების შემუშავება და ამ ფარგლებში გეგმის არსებობა. ეს არ მოიცავს მხოლოდ შემწეობის თანხას, პენსიების ზრდის რესურსსაც, ამიტომ აუცილებელია ცოდნა, რომ ადამიანი თუ გახდა სოციალურად დაუცველი, მის კეთილდღეობას საფრთხე არ ემუქრება. ეს იქნება არა ვიღაცის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ სახელმწიფო რანგში აყვანილი საკითხი, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია", - ამბობს report.ge-თან პაატა აროშიძე.

ანალოგიური მოსაზრებისაა აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ სოციალური დაცვის სტრეტეგიად შეიძლება განიხილონ ღარიბაშვილის წინა პრემიერობის პერიოდში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების გეგმა, სადაც სოციალურ საკითხს დიდი ადგილი ეთმობა. აკადემიკოსის თქმით, შესაძლაო, ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილება შევიდეს ან დოკუმენტს დაემატოს დანართი, რომელიც სოციალურ საკითხებს დაეთმობა.

,,შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ,,ვარდების რევოლუციამდე, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობდა. როგორი უინდა იყოს ტენდენცია ამასთან დაკავშირებით, რა დონეზე უნდა გავიდეთ. ეს აუცილებელია. მინიმალური სოციალური დაცვის პრობლემა არსებობს ქვეყანაში და სტრატეგია აუცილებელია, ვიცოდეთ, რა პერიოდში რა შედეგს მივაღწევთ, რათა სოციალური დაცვის სისტემა გავაძლიეროთ. არ გამოვრიცხავ, ეს იყოს სტრატეგიული დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი, რომელზედაც ახალმა პრემიერმა დაანონსა, რომ შემუშავდება. ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს იქნა დოკუმენტი განხილული და გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს. სოციალური საკითხები, ალაბთ, ამ დოკუმენტშივე შემუშავდება ან ვრცელი დანართი მიეძღვნება. ვფიქრობ, სოციალური საკითხები მთავრობის ეკონომიკურ პროგრამაშიც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იქნება", - ამბობს ავთო სილაგაძე report.ge-თან.

ცნობისთვის,  სოციალური დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ითხოვენ. 

,,ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის გრძელვადიან განვითარებაზე ფართო საზოგადოებრივი შეთანხმების მიღწევა ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტსა და საარჩევნო ციკლებზე. გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული „საგზაო რუკა“ საჭიროა, რათა ქვეყნის განვითარება სოციალურ და ჯანმრთელობის სფეროში მკვეთრი რყევების გარეშე და, რაც მთავარია, თანმიმდევრულად ხორციელდებოდეს," - ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს,USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივით (GGI) შექმნილ დოკუმენტში, რომლის ავტორთა დასკვნით, საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი ამ სფეროებში ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე დამყარებული გრძელვადიანი ხედვის უქონლობაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system