თავში

როგორია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისში

როგორია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისში
როგორია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისში

ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ (1999 წ.). ამ კანონის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA) შესაბამის უწყებებთან ერთად პასუხისმგებელია ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებაზე, რათა შეამსუბუქოს ზიანი იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების დონე გადააჭარბებს ზღვრულ დასაშვებ ნორმებს მოცემული ტერიტორიის ფარგლებში. სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების დონის შემცირების კიდევ ერთი ძირეული მიზეზია 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგიისა და საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში სექტორული მიზნების მიღწევა, რომელთა მთავარი ამოცანაა სატრანსპორტო სექტორით გამოწვეული სათბური გაზების ემისიის შემცირება 15%-ით 2030 წლისათვის, საბაზისო სცენართან შედარებით.

"სატრანსპორტო სექტორში საქართველო აქტიურად იღებს ჰაერის ხარისხის კონტროლის ევროპულ სტანდარტებს, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექცია. ტექნიკური ინსპექციის პროგრამის (რომელიც 2019 წლის იანვრიდან უკვე ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება) შემოღებამდე და შემოღების შემდეგ PM2.5, CO, SO2, NO2 დონეების ანალიზი გვეხმარება, გავიგოთ, იქონია თუ არა პროგრამამ რაიმე „ხილული“ ზეგავლენა თბილისში ამ დამაბინძურებელი ნაწილაკების კონცენტრაციაზე", - საქართველოში ჰაერის დაბინძურების მონაცემები ISET-ის კვლევითი ინსტიტუტმა მიმოიხილა.

ქვემოთ მოცემული 1-ლი დიაგრამა უჩვენებს, რომ PM2.5 კონცენტრაციები სეზონურობით ხასიათდება: პიკური მაჩვენებელი და ყველაზე მაღალი ცვალებადობა ფიქსირდება დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსა და მარტის ბოლოს შორის პერიოდში, ხოლო უფრო დაბალი მაჩვენებელი და უფრო მეტად სტაბილური რაოდენობის კონცენტრაციები – აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდში. სტაბილურობის პერიოდში კონცენტრაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის (EU) მიერ განსაზღვრულ ზღვარს ქვემოთაა (25 მგ/მ3). საყურადღებოა, რომ PM2.5 კონცენტრაციები იგივე დარჩა რეგულაციების შემოღების შემდეგაც.

"რაც შეეხება CO-ს დონეებს, გაანალიზებულ პერიოდში CO-ს დონე ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ, რეკომენდებულ ზედა ზღვარს (10 მგ/მ3) ქვემოთ იყო (იხ. დიაგრამა 2). აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექციების შემოღების შემდეგ CO-ს კონცენტრაცია უმნიშვნელოდ შეიცვალა", - აღნიშნულია კვლევაში.

"სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შემოღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება SO2-ის კონცენტრაციაში ფიქსირდება. როგორც მე-3 დიაგრამიდან ჩანს, SO2-ის ემისიის საშუალო დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, ასევე, მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება პიკურ მაჩვენებელსა და ცვალებადობაში. 2021 წლის მარტიდან SO2-ის კონცენტრაცია ევროკავშირის ზღვარს (125 მგ/მ3) ქვემოთ იყო, ხშირად კი WHO-ის უფრო მკაცრი რეკომენდებული დონის (20 მგ/მ3) ქვემოთ, რაც წარსულში არ დაფიქსირებულა.

NO2-ის დონე საკვლევ პერიოდში რეკომენდებულ ზედა ზღვარს (200 მგ/მ3) ქვემოთ იყო. სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექციის შემოღებიდან ხუთ თვეში დაფიქსირდა NO2-ის კონცენტრაციის მკვეთრი კლება, ხოლო დღეს მისი კონცენტრაცია უფრო მცირე ვარიაციით ხასიათდება", - წერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი.

რას მოიცავს საქართველოს ახალი ვალდებულება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხებში?1. 2030 წლისთვის, ემისიების შემცირება 35%-ით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით.2. ემისიების შეზღუდვის რეალისტური მიზნების დასახვა შვიდი სექტორისთვის: ტრანსპორტი, შენობები, ენერგიის გენერაცია და გადაცემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ნარჩენები და ტყის მართვა.3. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;4. ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, განსაკუთრებით კი ენდემური, ადგილობრივი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშების;5. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება;6. ქალთა როლის გაძლიერება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და წყლის რესურსების მდგრად გამოყენებაში.

შეგახსენებთ, კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გადაწყვეტების ძიება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ აირჩია. მათი ინგორმაციით, საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს ყოველდღიურად განიცდის და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე შემაშფოთებელია. UNDP-ის ინფორმაციით, საქართველოში ენერგეტიკის სექტორი პასუხს აგებს სათბური აირების გაფრქვევის 60 პროცენტზე, ხოლო ჰაერის დაბინძურების მხრივ პირველ ადგილს იკავებს, რაც ძირითადად განპირობებულია წიაღისეული საწვავის ჭარბი გამოყენებით. 2020-2030 წლების ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს განახლებადი, მაგალითად წყლის, ქარისა და მზის ენერგიის წილი ენერგეტიკის სექტორში, რაც გამოიწვევს თბოელექტროსადგურების გამოყენებისა და შესაბამისად, გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას. ამ პროცესის პარალელურად, გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაც.

ცნობისთვის, „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება. „სოფლის განვითარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებულია 28 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 4,800,000 ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3 მილიონ ლარზე მეტია. „სოფლის განვითარების პროგრამას“ ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system