თავში

როგორია შეღავათიანი აგროკრედიტის ეფექტი სოფლის მეურნეობაში

როგორია შეღავათიანი აგროკრედიტის ეფექტი სოფლის მეურნეობაში
როგორია შეღავათიანი აგროკრედიტის ეფექტი სოფლის მეურნეობაში

,,შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში ათეულობით მილიონის ხარჯია გაწეული, თუმცა ამან სოფლის მეუნეობის განვითარება  მინიმალურ დონეზეც ვერ უზრუნველყო. ასე ფიქრობს აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე, რომლის შეფასებითაც,  აგროკრედიტების დანახარჯმა ვერ უზრუნველყო სასურსათო უსაფრთხოების საკითხი, ვერ გააუმჯობესა მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი და არათუ საექსპორტო, არამედ საკუთარ მოთხოვნილებაც ვერ უპასუხა. პრობლემის მიზეზად აროშიძე კონტროლის სისუსტეს მიიჩნევს და ამბობს, რომ გაცემული თანხის მომგებიანობა ხშირად მცირეა, რაც პროექტის ეფექტიანობას ამცირებს.

,,კრედიტის გაცემა იოლია, მაგრამ რთულია შემდგომში მიზნობრივი დანიშნულებით განხორციელება. გასათვალისწინებელია, რამდენად არ გაუჭირდება ფერმერს ამ თანხის უკან დაბრუნება. ცხადია, როცა საქმე მომგებიანია, ,,შეღავათიანი აგროკრედიტი" წარმატებულია, მაგრამ გვაქვს ასევე წარუმატებლობის ბევრი მაგალითიც. სახელმწიფოს მხრიდან მავნე პრაქტიკას ვუწოდებ, როცა სუბსიდიას ახორციელებს, სჯობს, ფერმერმა აგროკრეტდითით დაიწყოს მიზნობრივი საქმიანობა, ვიდრე შემდეგ მთავრობის ხელისშემყურე გახდეს. სუბსიდია  არ არის თანამედროვე სტანდარტი, მაგრამ სესხებთან დაკავშირებითაც მეტი სიფრთხილეა საჭირო. მეტი ეფექტი რომ მივიღოთ, სამრეწველო აზროვნება უნდა განვითარდეს როგორც მთავრობის, ასევე ფერმერების მხრიდან, ოქროს ბალანსი უნდა გამოინახოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აგროკრედიტებში დახარჯული რესურსი რამდენად ადგება შემდეგში დარგის განვითარებას და რამდენად წყვეტს სასურსათო უსაფრთხოების საკითხს. მაღალი დანახარჯის მიუხედავად, მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი არ იზრდება, 10%-საც ვერ აღწევს, რაც არის მიზერული მოცულობა და არათუ ექსპორტის განმაპირობებელია, საკუთარ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს", - ამბობს აროშიძე report.ge-თან და დასძენს, რომ  ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს მონიტორინგი არა წარმოების პროცესში, რამედ კრედიტის დასრულების შემდეგაც, მინიმუმ, 5 წლის განმავლობაში.

,,აგროკრედიტი მიზნობრიობა დაკონკრეტებულია, სხვაგან ვერ დაიხარჯება, მაგრამ ვერც ეფექტურად ვხარჯავთ. ასე იყო წლების განმავლობაში, რაც ეს პროგრამა მოქმედებს. რა ეფექტი მოგვცა მან, მომავალი საქმიანობა როგორია და რამდენად დაეხმარა დარგს, რამდენი ადამიანი დაასაქმა, ეს უნდა იყოს პროგრამის ეფექტიანობის განმსაზღვრელი, რის საფუძველზეც მიზნობრივი მიმართულებები უნდა გამოიკვეთოს", - აღნიშნავს აგროექსპერტი. 

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 6 ნოემბრის მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით გაცემულია 2893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.

მთლიანობაში, „შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ თანხამ დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა, ანუ, თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. სახელმწიფო აგროპროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system