თავში

საგარეო ვალი საგანგაშოდ იზრდება

საგარეო ვალი საგანგაშოდ იზრდება
საგარეო ვალი საგანგაშოდ იზრდება

საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს მთავრობა საგარეო ვალს ზრდის.საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს. ახალი ვალების მობილიზებით კი საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს, ხოლო 60%-ს ვალის დონე 2023 წლისთვის ჩამოსცდება.

"2021 დეფიციტი, რომელიც მშპ-ს 7.6 პროცენტზეა გათვლილი, ითვალისწინებს ჯანდაცვის მაღალ ხარჯებს და შინამეურნეობების და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებს, რაც მომატებული გაურკვევლობის ფონზე ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღების გამტკიცებას. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს „ფისკალურ წესში“, რომელის მიხედვითაც 2023 წლისთვის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტს და სახელმწიფო ვალი მშპ-ს 60 პროცენტს უნდა შეადგენდეს,"- ვკითხულობთ IMF-ის განცხადებაში.

2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მომდევნო წელს მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბიუჯეტის პირველად პროექტი კოვიდ კრიზისის წინააღმდეგ გამოსაყოფ დაფინანსებას არ შეიცავს და ახალი ვალები სწორედ ამ ხარჯების დასაფარად მიიმართება. 

ცნობისთვის, ახალი ვალის ზუსტი მოცულობა და კონკრეტული პარამეტრები 30 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენის შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, გაზრდილი საგარეო ვალი საქართველოს სუვერენული რეიტინგის სუსტი წერტილია.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ 6.2 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალი და 1.85 მილიარდი ლარის ოდენობის შიდა ვალი აიღო და ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულად გაიზარდა და 8.4%-ს გაუტოლდა. ბიუჯეტის დეფიციტის მდგრად ნიშნულად 3%-ია დადგენილი.

სავალუტო ფონდის მისიასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები 5-9 ნოემბრის პერიოდში იმართებოდა და მის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომ 2021 წელს მთავრობამ ბიუჯეტი 5.1%-ის ნაცვლად, 7.6%-იან დეფიციტზე დაგეგმოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system