თავში

საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთოერთობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთოერთობა ახალ ეტაპზე გადადის
საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთოერთობა ახალ ეტაპზე გადადის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა, რომელიც ამ პოსტს 2020 წლის იანვრიდან იკავებს. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 

აღინიშნა, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კონტექსტში.

ორმხრივ ვაჭრობაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი რეალურად ვერ ასახავს იმ დიდ სავაჭრო პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ისრაელის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ამდენად, მოლაპარაკებების დროულად დაწყება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს და ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა ერთობლივი კვლევის შემუშავება, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობას შეეხება.

ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ისრაელი მეშვიდე ადგილზეა ტომ 15 ვიზიტორ ქვეყანას შორის - 2019 წელს საქართველოში 205 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რომელიც წინა წელთან შედარებით 31 პროცენტით მეტი იყო. ითქვა, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადების ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებამ. კერძოდ, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორივე ქვეყნის ავიაკომპანიები კვირაში 42 სიხშირით ფრენენ.

შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისრაელის სახელმწიფოს ელჩს სამომავლო საქმიანობასა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში წარმატება უსურვა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system