თავში

"საქართველოს რკინიგზა" 54.4 მილიონი ლარის ზარალზეა

"საქართველოს რკინიგზა" 54.4 მილიონი ლარის ზარალზეა
საქართველოს რკინიგზა 54.4 მილიონი ლარის ზარალზეა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 54.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, რაც  2020 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ ზარალთან შედარებით 130 მილიონი ლარით ნაკლებია. ამის შესახებ ირკვევა სს "საქართველოს რკინიგზის"  გამოქმეყნებული 2021 წლის ფინანსური მაჩვენებლებიდან. რკინიგზას ყველაზე დიდი მოგება, 174 მილიონ ლარი, 2011 წელს ჰქონდა,  ყველაზე წამგებიანი კი მისთვის 2018 წელი იყო, როცა კომპანიამ 716-მილიონიანი ზარალი მიიღო. 

დოკუმენტის მიხედვით,  2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზამ 3 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 0.2 მილიონი ტონით, ანუ 7%-ით მეტია. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი, სატრანზიტო ნაკადების აღდგენა დაიწყო და ის ჯერ - 10.9 მილიონი ტონა, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რკინიგზის საოპერაციო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 127.9 მილიონი ლარი გახდა.

ცალკეული წყაროების მიხედვით, რკინიგზის შემოსავლების ასე ნაწილდება:

სატვირთო გადაზიდვები - 102.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 9.4%;
ლოგისტიკური სერვისები - 17.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 35%;
სამგზავრო გადაყვანები - 0.7 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 64%;
ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 1.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 71%;

ზრდის მიუხედავად, რკინიგზის შემოსავლები ხარჯებს ვერ გაწვდა. კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, პერსონალის სახელფასო ხარჯი 40.5 მილიონი ლარი, ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო აღჭურილობის ხარჯი 10.6 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი კი 17.4 მილიონი ლარი იყო.

ფინანსურ ანგარიშში განმარტებულია, რომ, 2020 წლის მსგავსად, ზარალის მთავარი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული დანაკარგებია. კომპანიამ წელს იანვარ-მარტში კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 64 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანიის სავალო ვალდებულება ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და მისი ძირი თანხა ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა.

ცნობისთვის, “საქართველოს რკინიგზა” წელს $500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს, რითაც 2012 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს .„საქართველოს რკინიგზას“ ევრობონდების განაღდება 2022 წელს უწევს. კომპანია ამ ვალის რეფინანსირებას აპირებს. მომზადებულია ემისიის წინასწარი ვარიანტი. კომპანიამ უკვე დაიქირავა ბანკები, ანდერრაიტერები და იურისტები, რომლებიც ჩართულნი არიან ევრობონდების რეფინანსირებაში. „საქართველოს რკინიგზამ“ ევრობონდების რეფინანსირების სავარაუდო თარიღად 2021 წლის ივნისს ასახელებს. „საქართველოს რკინიგზას“ 500 მლნ დოლარიანი ევრობონდები 7.75%-ში აქვს მოზიდული. კომოპანიის მენეჯმენტი ელოდება, რომ ახალი ბონდები ბევრად დაბალ პროცენტში იქნება გამოშვებული. მათი ვარაუდით ახალი ვალის საპროცენტო განაკვეთი 4%-ი იქნება.

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system