თავში

საქართველოს სავაჭრო პალატამ იაპონიის ელჩს უმასპინძლა

​საქართველოს სავაჭრო პალატამ იაპონიის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს სავაჭრო პალატამ იაპონიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას უმასპინძლა.

შეხვედრისას მხარებმა იმსჯელეს საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების საკითხებზე, ასევე მის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იაპონიის სავაჭრო პალატებს შორის პარტნიორული კავშირების ხელშეწყობაზე, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციასთან (JETRO) მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ბიზნეს კავშირების დამყარებაზე.

გიორგი პერტაიამ საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოში იაპონური ბიზნესის წარმომადგენლების მხრადაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რაც გულისხმობს კომპანიებისთვის როგორც საინფორმაციო, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერასა და შესაბამისი ბიზნეს პარტნიორების მოძიებას.

შეხვედრის მონაწილე მხარეებმა საქართველოში იაპონური პროდუქციის პოპულარიზაციისა და იაპონიაში ქართული პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებზეც იმსჯელეს.

საქართველო იაპონელი ინვესტორების მოსაზიდად მუშაობას აგრძელებს. იაპონურმა და ქართულმა მხარემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. შედგა მოლაპარაკების ექვსამდე რაუნდი და საბოლოოო ჯამში, ეს პროცესი ხელმოწერით დასრულდა. შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეიწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. 

იაპონია წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტორ ქვეყანას საქართველოსთვის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაპონიიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის“ წარმოება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და სხვ. იაპონია საქართველოს ძალიან მნიშნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოში ბოლო 10 წელში 150 მილიონზე მეტი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოში იაპონური კაპიტალის მონაწილეობით 26 კომპანია ფუნქციონირებს. 2020 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, იაპონიიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციამ შეადგინა 15.4 მლნ. აშშ დოლარი, საიდანაც ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, იაპონურმა ენერგო-გიგანტმა, კომპანიამ TEPCO Renewable Power (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგო სისტემაში და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4% წილი შეძინა. TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ, ვიეტნამის შემდეგ, ინვესტიციის განხორციელება მეორე შემთხვევაა. გასათვალისწინებელია, რომ TEPCO RP-მ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელი ბიზნეს და ენერგეტიკული პოლიტიკის გამო გადაწყვიტა.

იაპონიასა და საქართველოში საინვესტიციო აქტივები უფრო დაცული ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system