თავში

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა
საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა და 1.43 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ისიც ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 41% იმპორტირებული იყო.  ესკო იმპორტის ასეთ ზრდას "ენგურჰესის" სარეაბილიტაციოდ გაჩერებას უკავშირებს.

საქართველომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ელექტროენერგია რუსეთიდან მიიღო, რაც 863 მილიონ კილოვატს შეადგენდა, აქედან 750 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთის მომარაგებისთვის მიიმართა. აზერბაიჯანიდან დენის იმპორტი 463 მილიონი კილოვატ საათი იყო, თურქეთიდან იმპორტი კი - 111 მილიონი კილოვატ საათი.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, ის 3.3%-ით გაიზარდა და 3.47 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. 

"თელასის" აბონენტების ანუ დედაქალაქის ენერგომოხმარება 722 მილიონი კილოვატ საათი იყო, "ენერგო პრო ჯორჯიას" ანუ დანარჩენი რეგიონების მოხმარება 1.14 მილიარდი კილოვატ საათი იყო. "ესკოს" მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 3 თვეში ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომოხმარება 919 მილიონი კილოვატ საათი იყო, შესაბამისად, დე ფაქტო აფხაზეთმა იმაზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე 1.2 მილიონიანმა თბილისმა. რაც შეეხება პირდაპირ მომხმარებელს, მათ ჯამში 681 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს. მათ შორის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი კვლავ "ჯორჯიან მანგანეზია", რომელმაც 279 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა "ბი ეფ დი სი" (Bitfury), რომელმაც 86 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა,"  - აღნიშნულია ესკოს ანგარიშში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system