თავში

სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტრო შეიძლება აღარ აშენდეს

სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტრო შეიძლება აღარ აშენდეს
სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტრო შეიძლება აღარ აშენდეს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა. ვიცე-მერმა სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, თუმცა, პროექტირების ეტაპი პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, ჯერ არ დაწყებულა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქის მერია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის შედეგად, ახლო მომავალში მიიღებს.

„მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით, ჯერ უარი არავის უთქვამს. აღნიშნული პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისგან. პირველი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევიდან გამომდინარე, რომელიც სამ ვარიანტზე მზადდებოდა, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და შემდეგში, თუ რომელი ვერსია უნდა განეხორციელებინა საპროექტო კომპანიას. ამის შემდეგ, გადავიდოდით სამშენებლო ეტაპზე. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია, ხოლო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, ჯერ მიღებული არ გვაქვს. პანდემიიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გართულებულია მდგომარეობა. ერთი მხრივ, სახსრების მობილიზებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, მეორე - პანდემიამ სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებაზე დიდი გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. განხილვის დასრულებამდე კი რთულია იმის თქმა, რომელ ვერსიას გავყვებით და საერთოდ, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული ინფრასტრუქტურაა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა პროექტის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 მილიონი ლარი არა კვლევის, არამედ პროექტირების მთლიანი ხარჯია.

„12 მილიონი ლარი კვლევაში არ გადაგვიხდია. 12 მილიონი იყო პროექტირების ხარჯი, რომელზეც ჯერ არ გადავსულვართ. პროექტირებაზე გადავალთ მას შემდეგ, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად დავადგენთ, რომ გვჭირდება პროექტი და შემდეგ, მშენებლობა. არავინ იძლევა იმის პირობას, რომ კვლევის საფუძველზე, უარყოფითი ან დადებითი გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ სწორედ ამ კვლევის საფუძველზე განვიხილავთ და თუ ვიტყვით, რომ პროექტის განხორციელება გვინდა, მაშინ მოგვიწევს 12 მილიონი ლარის და შემდეგში უკვე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის გადახდა ინფრასტრუქტურის მოწყობაში. მთლიანად, პროექტის ღირებულებამ შეიძლება 300-400 მილიონი ლარი შეადგინოს, რადგან საუბარი იყო 150 მილიონ აშშ დოლარზე. 2020 პანდემიის წელი იყო და 2021 წელი ჯერ კიდევ პანდემიის წელია. განახევრებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის მთავარია მივიღოთ არა სწრაფი, არამედ სწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მიწისზედა მეტროსადგურის აშენება ლილოში, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე, იგეგმებოდა. მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე დაგეგმილი იყო თბილისისა და რუსთავის მეტროს საშუალებით დაკავშირებაც.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში მიწისზედა მეტროს ხაზების გაყვანა 2019 წელს დააანონსა. მისი თქმით, მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე სამგორის სადგურს აეროპორტთან და ლილოს ბაზრობასთან დააკავშირებს. დედაქალაქის მერმა კოტრანსპორტის ხედვის პრეზენტაცია 2018 წლის 22 ოქტომბერს გამართა და საზოგადოებას აუწყა, რომ მეტროს ხაზების მშენებლობა, რომლებიც სამგორს აეროპორტთან და ლილოსთან დააკავშირების, 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა, რისთვისაც გათვალისწინებულია 90 მილიონი დოლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system