თავში

საპენსიო დანაზოგები ნაკლებადრისკიან კომპანიებში ჩაიდება

საპენსიო დანაზოგები ნაკლებადრისკიან კომპანიებში ჩაიდება
საპენსიო დანაზოგები  ნაკლებადრისკიან კომპანიებში ჩაიდება

საპენსიო სააგენტოს განმარტებით,  საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება მიმდინარეობს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში.

მათი განმარტებით, კანონი მოიაზრებს სამი ტიპის პორტფელში ინვესტიციებს: ნაკლებადრისკიან, საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში. ამავდროულად, კანონი პირველი ხუთი წლის განმავლობაში უშვებს მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ინვესტიციებს. ამჟამად საპენსიო დანაზოგები ინვესტირებულია ქართულ კომერციულ ბანკებში, მხოლოდ დაბალი რისკის მქონე ინსტრუმენტებში და ერიცხება ბაზარზე არსებული საუკეთესო შესაძლო სარგებელი.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს დამოუკიდებელი და პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭო, ხოლო საინვესტიციო საქმიანობას წარმართავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური.

საინვესტიციო საბჭოს წევრები არიან ამ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საპენსიო ფონდებში (ფინეთი, საფრანგეთი) და აქვთ უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება.

საპენსიო სააგენტოში ინვესტირების პროცესის ყველა ეტაპზე ხდება რისკების სიღრმისეული ანალიზი და რისკების მართვა შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს.

სრულყოფილი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების შემდეგაც ინვესტიციები გაგრძელდება ისევ დაბალი რისკის მქონე პორტფელში, კაპიტალის ბაზრის ზოგიერთი დაბალრისკიანი ინსტრუმენტის გამოყენებით, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საპენსიო სააგენტოში არ განიხილება კერძო ინვესტიციები.

სააგენტოს განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ, დღეის მდგომარეობით საპენსიო დანაზოგებს უკვე დარიცხული აქვს 60 მილიონ ლარამდე სარგებელი.

შეგახსენებთ, დღეს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო ფონდის ოფისთან ბრიფინგი გამართა და საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ სახელმწიფომ საზოგადოების საპენსიო დანაზოგი კორუმპირებულ და ზარალიან სახელმწიფო კომპანიებში არ ჩადოს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტომ ფონდში აკუმულირებული თანხების მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე განთავსება მოახერხა, მთავრობა უკვე ამ ფულის სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებაზე ალაპარაკდა. მიქაუტაძის ინფორმაციით, ამ საკითხზე პარლამენტში ღიად ისაუბრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემაც.

"მე მათ მივმართავ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავონ”, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system