თავში

სებ-ს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტის მიღება შეეძლება

სებ-ს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტის მიღება შეეძლება
სებ-ს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტის მიღება შეეძლება

საქართველოს ეროვნულ ბანკს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტის მიღების უფლება ექნება. ამ სიახლეს ითვალისწინებს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს და რომლის მიხედვით,  სსიპ "დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს" შეუძლია, ეროვნულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში. ამასთანავე, კანონის მიხედვით, სებ-ს დეპოზიტების მიღება ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკებისგანაც შეუძლია.

"ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების, საპენსიო სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისთვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო ფონდი", - ვკითხულობთ კანონში. 

დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირები მომავალი წლიდან, 2022 წლიდან, ჩაერთვებიან. 2020 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა. იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება. ცნობისთვის, დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია.

დღეს საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს საბანკო სექტორში ფიზიკური პირების 18.9 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული, საიდანაც მთლიანი მოცულობის 21.1% ანუ დაახლოებით 4 მლრდ-მდე ლარის დეპოზიტები დაზღვეულია. სააგენტოს განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტით ეს დამაკმაყოფილებელი მინიმალური ნიშნულია.

დეპოზიტების დაზღვევის ყოველთვიურ საფასურს (პრემიას) კომერციული ბანკები დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს უხდიან. ლარის ანგარიშისთვის ყოველთვიური პრემია დეპოზიტის - 0.067%, ხოლო უცხოური ვალუტის ანგარიშისთვის კი პრემია 0.1%-ის ტოლია. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ბანკების მიერ ყოველთვიურად გადახდილი პრემიის მოცულობა საშუალოდ 2.5 მილიონი ლარია. 2020 წლის განმავლობაში საბანკო სისტემამ დაზღვევის პრემიის სახით სულ 22.6 მილიონი ლარი გადაიხადა. მთლიანობაში დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მოცულობა 66.6 მილიონი ლარია. სააგენტო ამ თანხას ძირითადად სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აბანდებს.


იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე კომერციულ ბანკში კრიზისი შეიქმნება და ბანკი დეპოზიტართა თანხების დაბრუნებას ვერ შეძლებს, მომხმარებელი თანხას სწორედ დეპოზიტების დაზღვევის სისტემიდან მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system