თავში

სემეკმა ,,ახალგაზრდა ადვოკატების" საჩივარი არ დააკმაყოფილა

სემეკმა ,,ახალგაზრდა ადვოკატების" საჩივარი არ დააკმაყოფილა
სემეკმა ,,ახალგაზრდა ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

როგორც სემეკში განმარტავენ,  ასევე არ დაკმაყოფილდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნა, აღნიშნული სადავო საკითხის საჯარო განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან კომისიის წევრ, გიორგი ფანგანის აცილებასთან დაკავშირებით.

კომისიამ მიიჩნია, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის ქცევა სემეკის საჯარო სხდომაზე, მათსა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებული დავის საჯარო განხილვისას, მიზნად ისახავდა კომისიის კონკრეტული წევრის საქმის განხილვისგან ჩამოშორების ხელოვნური საფუძვლის შექმნასა და შესაბამისად, კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

სემეკ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სემეკს „ჯორჯიან უოთენ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ და 2018 წლის აგვისტოსა და სექტემბერში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის გაუქმება მოითხოვა. თუმცა საჩივარი ვერ დაკმაყოფილდა. ამის მიზეზად მარეგულიერებელ კომისიაში განმარტავენ, რომ გამართული აღრიცხვის კვანძით აღრიცხული სასმელი წყლის საფასურის ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და ორგანიზაციის მოთხოვნა სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს მოკლებული იყო.

აღნიშნული წერილი „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებითაც, საკითხი კომისიას უკან დაუბრუნდა, საჯარო სხდომაზე განსახილველად. სადავო საკითხის განხილვა კომისიამ 30 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე დაიწყო. 7 ნოემბრის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ  „ახალგაზრდა ადვოკატებზე“ განხორციელებული დარიცხვა საფუძვლიანად მიიჩნია.

რაც შეეხება ორგანიზაციის მოთხოვნას აღნიშნული დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ფანგანის აცილების შესახებ, განმცხადებლის სუბიექტურ მოსაზრებად იქნა მიჩნეული.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელმა 30 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე განაცხადა, რომ არსებობდა გიორგი ფანგანის პირადი ინტერესი და სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა საქმის გადაწყვეტაზე და ამიტომ მას არ უნდა მიეღო მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ასევე აღნიშნა, რომ იგი შეისწავლიდა გიორგი ფანგანის საქმიანობას და მოახდენდა მის საზოგადოებისთვის გაცნობას. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საჯარო სხდომაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის ქცევა მიზნად ისახავდა კომისიის კონკრეტული წევრის საქმის განხილვისგან ჩამოშორების ხელოვნური საფუძვლის შექმნასა და შესაბამისად, კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას”,-აცხადებენ სემეკში.

სემეკის გადაწყვეტილებას "ახალგაზრდა ადვიკატები" გაასაჩივრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system