თავში

სესხების გადავადებას მსხვილი ბიზნესიც ითხოვს

სესხების გადავადებას მსხვილი ბიზნესიც ითხოვს
სესხების გადავადებას მსხვილი ბიზნესიც ითხოვს

მსხვილი ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი ითხოვს, რომ სესხები გადაუვადდეს. ეპიდემიური სიტუაციის გამო გაკოტრების პირას მისული კომპანიების გადარჩენის ერთ-ერთ გზად საბანკო შეღავათები განიხილება. შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ,,ისთ გეითი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი ამბობს, რომ covid-19-ის გამო ბიზნესი შოკშია და დახმარებას საჭიროებს. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ სესხის გადავადება ძალიან დაეხმარება პრობლემის დაძლევაში.

,,ივნისიდან მოყოლებული, ,,ისთ გეით ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში შემოსავლების დიდი კლებაა. სერიოზული პრობლემა, თითქმის ყველას - განვითარებულ თუ ნაკლებად განვითარებულ ფირმებს სასესხო ვალდებულებები აქვთ. აქ არ არის იმაზე საუბარი, ვინ დიდ ბიზნესს წარმოადგენს და ვინ - ნაკლებს, ეპიდემიამ ყველას შეუქმნა პრობლემა. ფაქტობრივად, არ მეგულება ინდუსტრიები, სადაც შემოსავლების ზრდაა, შეიძლება, შედარებით მყარადაა ფარმაცია, მაგრამ ყველგან კლებაა, რადგან მოთხოვნაა შემცირებული. დიდი ალბათობით, ყველას უჭირს და იმედია, რომ სესხების გადავადების შესაძლებლობით ბევრი კომპანია ისარგებლებს, ვისაც ამის შანსი მიეცემა“, - აცხადებს ირაკლი იაშვილი.

ბიზნესმენი ამბობს, რომ  ეპიდემიამდე ფოთში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი წამოიწყო, თუმცა გეგმების განხორციელებაში ეპიდემიამ ხელი შეუშალა და არსებული ვალდებულებების შესრულება გაუჭირდა.

,,ფოთში დიდი ინვესტიციები ჩავდეთ, გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა, ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა. სინამდვილეში პირიქით მოხდა, გეგმების განხორციელებაში ეპიდემიამ მნიშვნელოვნად შეგვიშალა ხელი და ახლა ვალდებულებები ჰაერში გამოიკიდა. თუკი სესხები გადავადდება, ეს იქნება დიდი შვება, ფულის ნაკადები არასაკმარისია, ბანკის კომპონენტი თუ ამოვარდება, მაშინ კომპანიების საქმიანობა გამარტივდება, ბევრი ამით თანამშრომლების შენარჩუნებას შეძლებს“, - ამბობს იაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სესხები მესამედ გადავადდება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სესხების საყოველთაო გადავადება არ იგეგმება, თუმცა ბანკები მზად არის კომპანიებთან ინდივიდუალურად იმუშაონ და შეღავათები გაუწიონ. ამის შესახებ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system