თავში

შეზღუდვებმა კომპანიების უმეტესობა უფულოდ დატოვა

შეზღუდვებმა კომპანიების უმეტესობა უფულოდ დატოვა
შეზღუდვებმა კომპანიების უმეტესობა უფულოდ დატოვა

covid-19-ის გამო კომპანიების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, გაკოტრდა ან გაკოტრების ზღვარზეა. როგორც აღმოჩნდა, უკვე ისიც საეჭვოა, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ  ბევრმა შეძლოს აღდგენა და საქმიანობის გაგრძელება, რადგან სექტორი დიდ კრიზისშია. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში უკვე გაჩერებულია 4100-ზე მეტი ფირმა, ზოგი - დროებით, მაგრამ არცთუ ცოტაა ის ბიზნესიც, რომელიც საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ფულადი სახსრების დეფიციტს განიცდიან.

,,მცირე და საშუალო ბიზნესში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ქეშის კატასტროფული დეფიციტია ქვეყანაში. შემოსავლები არ არის, შესაბამისად, ფინანსური რესურსი მოაკლდათ. ბევრ კომპანიაში გაკოტრების საფრთხეა. 4100 კომპანია გაჩერებულია, არ ვიცით, აქედან რამდენი გააგრძელებს მუშაობას და რამდენი შეიძლება საერთოდ გაჩერდეს. ნეგატიური მოლოდინებია, რის გამოც ბანკებმაც შეაჩერეს სესხები ბიზნესზე, ამიტომ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად შეეზღუდათ. რეალურად გაყიდვაც აღარ არის. როცა ეს კრიზისი გადაივლის, რა ელის ამ კომპანიებს, აღარ ვიცით, ფინანსური რესურსის გარეშე საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ. ეპიდემიის მეორე ტალღამ და ამით გამოწვეულმა ნაწილობრივმა ლოკდაუნმა ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლა სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამებმა მაქსიმალურად შეძლონ ბიზნესების დახმარება და მათი აღდგენა. ალბათ, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, მინიმუმ, ორი წელი მაინც დაგვჭირდება“, - ამბობს მიხეილ ჭელიძე.

ცნობისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის გასაჭირზე გააკეთა აქცენტი პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპელი სოციალისტები“, რომლის წევრებმაც ხელისუფლებას ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ურთულესი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით მიმართეს.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება, აწარმოონ თავიანთი საქმიანობა არსებული რეკომენდაციების დაცვით და სახელმწიფომ, თავის მხრივ, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი და დაუწესოს საგადასახადო შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, როგორც დედაქალაქში , ასევე საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ, სამი თვით მაინც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system