თავში

შიდა ტურიზმს გამოცოცხლება დაეტყო

შიდა ტურიზმს გამოცოცხლება დაეტყო
შიდა ტურიზმს გამოცოცხლება დაეტყო

სპეციალისტები შიდა ტურიზმზე დიდ იმედს ამყარებენ. როგორც ტურიზმის სფეროს ექსპერტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი report.ge-თან ამბობს, დარგს გამოცოცხლება დაეტყო. მისი ინფორმაციით, წამყვანი სასტუმროების დიდი ნაწილი დატვირთულია, რაზეც გავლენა წამახალისებელ აქციებთან ერთად, მოსახლეობის განწყობამაც მოახდინა. კერძოდ, იმ გარემოებამ, რომ ხალხი დაიღალა ამდენი რეგულაციებით და დასვენებას ცდილობს.

,,ზამთრის ტურიზმთან დაკავშირებით ფაქტობრივად არაფერი იცვლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართულება ჩავარდნილია და ცვლილებას ამ მხრივ ნაკლებად ველით. ცხადია, ასეთ მდგომარეობაში ტურიზმი დიდხანს ვერ იქნება. ზაფხულის სეზონის პროგნოზი დამაიმედებებელია, სიტუაციის გაუმჯობესებას ველით, მთავარია, რომ ვირუსის მესამე ტალღა არ დაფიქსირდეს. შიდა ტურიზმი შედარებით უკეთესად მუშაობს. სასტუმროებში მაღალი აქტიურობაა, მაგალითად, წინანდლის ,,რედისონში", ადგილი ვერ დავჯავშვნეთ, 280 ლარი ღირს 2 ადამიანის დასვენება, კარგი პირობებია, სასტუმრო სრული სერვისით მუშაობს და დამსვენებლებს ამით იზიდავს. ბევრი ადამიანი ისვენებს. სხვა წამყვანი სასტუმროებიც მეტნაკლებად დატვირთულია. თამამად შეგვიძლია თქმა, რომ შიდა ტურიზმი კარგად მუშაობს, აშკარად დაეტყო გამოცოცხლება. ამას გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორიც ახლავს - ხალხი დაიღალა, გასვლას ცდილობს, სამეცნიერო კონფერეციებიც უფრო აქტიურად ტარდება. მართალია, შეზღუდული რაოდენობით, მცირემასშტაბიანია, მაგრამ საყურადღებოა, რომ ტენდენცია გაჩნდა. ბევრი კარგი ძვრაა, რაც გვაფიქრებს, რომ ტურიზმი ძალებს აღიდგენს", - აცხადებს ალადაშვილი.

მისი თქმით, ზაფხულიდან ქვეყანა უფრო დიდი რაოდენობით შეძლებს უცხოელი ტურისტების მიღებასაც, თუმცა მდგომარეობის გამოსწორებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე შიდა ტურიზმის შემთხვევაში.

,,ტურისტების დიდ ნაკადებს არ ველით, მაგრამ რაღაც დონეზე ეს მიმართულებაც გააქტიურდება, ზაფხულიდან საგრძნობი ცვლილებაა მოსალოდნელი, თუმცა ეპიდემიამდელ ნიშნულს რომ მიაღწიოს, დამატებით 2 წელი დაგვჭირდება. ამისთვის მეტი რეკლამირებაა საჭირო, პატარა ქვეყანა ვართ, სწორი მარკეტინგის საშუალებით გაცილებით მეტს შევძლებთ", - დასძენს report.ge-თან მანანა ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს 42 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. საერთო სტატისტიკაში 40 516 საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებზე მოდის, კლება 89%-ს აჭარბებს.

საქართველოს მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი სამეზობლოდან ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ თვეს ყველაზე მეტი სტუმარი საქართველომ თურქეთიდან მიიღო. ამ ქვეყნიდან თებერვალში შემოსულია 15 983, კლება წლიურ ჭრილში 75%-ს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system