თავში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია: შრომის კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებები სარისკოა

შრომის კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებები სარისკოა
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია: შრომის კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებები სარისკოა

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ნებისმიერი ბიზნესი დაავალდებულა, ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, მეორე ეტაპზე გადავიდა და დამსაქმებლებს ახალი რეგულაციების ტალღა მოუმზადა. საქმე ეხება სამუშაო საათების შემცირებასა და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზღუდვა/აკრძალვას, საუბარია შეთავსებით მუშაობის აკრძალვაზეც. კანონმდებლები აპირებენ განიხილონ ასევე სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.

შრომის ბაზრის სპეციალისტები ამას შრომის ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელ გაფართოვებად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს უკუჩვენებას გამოიწვევს. მათი თქმით, ეს იქნება ბიზნესზე ზეწოლა, რომელიც გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირებასა და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას.

Report.ge დაგეგმილი ცვლილებების შეფასება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას სთხოვა. ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაიას გვიხსნის, რომ შრომის კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების ძირითად ნაწილი ნაადრევი და გადამეტებული მოთხოვნებია არა მხოლოდ კერძო სექტორის, არამედ დასაქმებულების მიმართაც. მისი აზრით, გაიზრდება რისკფაქტორების რაოდენობა, რომლის გამოც შრომის ინსპექციას ექნება სანქციების დაკისრების საბაბი.

„შრომის კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების ძირითად ნაწილს, რომელთა განხილვაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, ვაფასებთ, როგორც ნაადრევ და გადამეტებულ მოთხოვნებს არა მხოლოდ კერძო სექტორის, არამედ დასაქმებულების მიმართაც. ხაზგასმით აღვნიშნავ, მინიმალური ხელფასის დადგენის, ზეპირი ხელშეკრულებების გაუქმების, ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვის, სავალდებულო დასვენების დღეებისა და საათების და დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვისათვის სავალდებულო ტაბელის წარმოების შესახებ დაგეგმილ რეგულაციებს. მიგვაჩნია, რომ დაანონსებული ცვლილებების ამოქმედების შედეგად ბიზნეს სექტორზე არა მხოლოდ არაგონივრულ ფინანსურ ტვირთად აისახება, არამედ გაიზრდება რისკფაქტორების რაოდენობა, რომლის გამოც შრომის ინსპექციას ექნება სანქციების დაკისრების საბაბი. ამასთან, მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის შემცირება, ვინაიდან ქვეყანაში რთულდება ბიზნესის წარმოება. მიგვაჩნია, რომ შრომითი ურთიერთობების სრულყოფა საქართველოში უნდა მოხდეს ეტაპობრივად ისე, რომ შექმნას ნაკლები ბარიერი ბიზნესის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმარების მიმართულებით, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ 2019 წელს საკმაოდ ბევრი რეგულაცია ამოქმედდა. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ კერძო სექტორს მიეცეს ცვლილებებისთვის მომზადებისა და ადაპტირების პერიოდი მით უმეტეს ისეთი რეგულაციების შემთხვევაში, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც არ არის სავალდებულოდ დადგენილი ევროკავშირის მიერ,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system