თავში

სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დაბრკოლებად ირიგაცია სახელდება

სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დაბრკოლებად ირიგაცია სახელდება
სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დაბრკოლებად ირიგაცია სახელდება

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, მეცნიერი კობა კობალაძე ფიქრობს, რომ 2021 წელს მთავრობას ირიგაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება მოუწევს. მეცნიერის აზრით, სექტორის განვითარების შემაფერხებელ ძირითად ფაქტორებს შორის ირიგაციის პროცესის მართვა ერთ-ერთი მთავარია, რაზეც დამოკიდებულია მოსავლიანობა, ასევე პირუტყვის სულადობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მცირდებოდა.

,,მთავრობამ კრიზისულ სიტუაციაში აქცენტი სოფლის მეურნეობაზე გააკეთა და ის უკვე ხდება წამყვანი დარგი ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ქმედითი ზომებია მისაღები, იგივე ფერმერებისა და გლეხური მეურნეობის მხარდასაჭერად. ამიტომ ასეთი პროექტებით, მელიორაციული სისტემის განვითარებით და სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებებით წარმოების ზრდა უფრო მეტადაც არის შესაძლებელი. ამ მხრივ მელიორაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური და განვითარებაზე ორიენტირებული მეურნეობებისთვის. ამის გარეშე უბრალოდ არ მოდის მოსავალი და სიცოცხლე ვერ ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ წყალი არის თვითონ სამშენებლო მასალა მოსავლის მისაღებად - მცენარის დაცვის საშუალება. გლობალური დათბობა მიმდინარეობს და ტრანსპირაციის შედეგად ხდება მცენარის გაგრილება. წყალს ბევრი სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია. აზრი არ აქვს არც თესვას, არც ხვნას და არც მეცხოველეობის განვითარებას თუკი წყალი არ გვექნება და შესაბამის ინფრასტრუქტურას არ განვავითარებთ. წყალთან დაკავშირებით დიდი გამოწვევაა მთელ მსოფლიოში, დედამიწის 2/3-ს წყალი შეადგენს, მაგრამ მტკნარი წყალი, როგორც სასმელი, ასევე სასიცოცხლო, ძალიან ცოტაა. თუმცა გრუნტის წყლები დიდი რაოდენობითაა როგორც საქართველოში, მაგრამ თავის დროზე არ იფიქრეს და შესაბამისი ზომები დროულად არ იქნა მიღებული", - ამბობს კობალაძე.

აღსანიშნავია, რომ ირიგაციის როლის გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეფასებით, 2012 წელს თითქმის განადგურებული იყო სამელიორაციო ინფასტრუქტურა. თუმცა დღეს 141 ათას ჰექტარი წყალუზრუნველყოფილ ფართობია. 2020 წელს დამატებით 11 ათასი ჰექტარის გასარწყავიანება მოხდა.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, 2020 წელს, საქართველოს მელიორაციამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 36 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 97 კმ საირიგაციო და 76 კმ სადრენაჟე არხი, აშენდა 2 სათავე ნაგებობა, ხოლო ექსპლუატაციის პროგრამით გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 995 კმ არხი და შეკეთდა 3 495 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system