თავში

თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით ჩინეთი ბევრად მოგებულია, ვიდრე საქართველო

თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით ჩინეთი ბევრად მოგებულია, ვიდრე საქართველო
თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით ჩინეთი ბევრად მოგებულია, ვიდრე საქართველო

ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებით საქართველო მინიმალურ სარგებელსაც ვერ იღებს. იმ ფონზე, როცა ქართული ბაზარი, ლამისაა ჩინურმა პროდუქციამ წალეკოს, ექსპორტზე მადნეულის და ღვინის გარდა თითქმის ვერაფერი გაგვაქვს. რაც გადის, ისიც შემცირებული რაოდენობით. როგორც სტატისტიკური მონაცემითაც ჩანს, საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა ჩინეთის ბაზარზე, მათ შორის ღვინის ექსპორტიც, შემცირებულია.

,,საქსტატის" ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან ჩინეთში 198 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3,7 მილიონი დოლარით ნაკლებია. ჩინეთის წილი საქართველოს ექსპორტში 7.4 პროცენტიდან 5.9 პროცენტამდე შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა იმპორტი, თუ 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 732 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2018 წელს 833 მილიონამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, შემცირებულია სხვა ძირითადი საექსპორტო პროდუქციის მოცულობაც. ასე მაგალითად, 2018 წელს ნომერ მეორე საექსპორტო პროდუქტი ჩინეთში ღვინო იყო, რომლის ექსპორტმაც გასულ წელს 19,8 მლნ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 20.4 მლნ დოლარი იყო. 

მთავრობა ცდილობს, რომ ჩინეთის ბაზარზე აგროსასურსათო პროდუქციის წილი გაზარდოს. ცხადია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ წარმოების სიმცირის გამო ქვეყანა ამ შესაძლებლობებში აშკარად შეზღუდულია. სამაგიეროდ, ჩნდება საფრთხე, რომ  ჩინეთმა ქართული ბაზარი თითქმის მთლიანად აითვისოს. 

ასე ფიქრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომლის შეფასებითაც,  ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შორის არის ძალიან დიდი დისბალანსი და ამ თვალსაზრისით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით რეალურად მხოლოდ ერთი მხარეა მოგებული. 

,,ეკონომიკის რეალური სექტორი სუსტად არის განვითარებული და ამ დროს ჩინურ პროდუქციას მივეცით ქართულ ბაზარზე თავისუფლება. ბაზარი წალეკეს, ფაქტობრივად, არ არსებობს სექტორი, სადაც ჩინური პროდუქცია არ იყიდებოდეს. ეს უპირატესობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით  კიდევ უფრო გავაძლიერეთ, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა გაურბის. მომავალშიც დიდია საფრთხე, რომ  ჩინეთმა თითქმის მთლიანად მოიპოვოს ქართული ბაზარი, ვაჭრობის სალდოს დასაბალანსებლად არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია ღვინის გარდა. სწორედ ესაა დიდი პრობლემა. ევროპული სახელმწიფოები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობისგან თავს იკავებენ, რადგან მათ პროდუქციას შეუძლია, მთლიანი ბაზარი მოიცვას. სწორედ იმ რისკებისგან იცავენ თავს ქვეყნები, რასაც საქართველოში, პოლიტიკური პიარის გამო, ყურადღებას არ აქცევს", - აცხადებს ხუხაშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას. მისი აზრით, ქართველ ბიზნესმენებს დიდი შანსი აქვთ, მიაღწიონ წარმატებას ახალ ბაზარზე და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.

,,ჩვენ საბაზრო პოლიტიკა ისედაც ლიბერალური გვაქვს. საქართველო ცდილობდა, შეეცვალა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია და ორიენტირი. შესაბამისად, ჩინეთის სახით დაემატა საკმაოდ სერიოზული მდგრადი ბაზრი. იმპორტზე დამოკიდებულებას რაც შეეხება, პრობლემა გვაქვს იმ ნაწილში, სადაც ჩინელები ნაკლებად ერევიან (კვების, სურსათის მხრივ). მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ხელშეკრულების პირობები და მეტი სარგებელი მივიღოთ", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system