თავში

თხილის ფასი გალში

თხილის ფასი გალში
თხილის ფასი გალში

გალში თხილი 4 -ლარიანი სხვაობით იყიდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროდუქტის ზუგდიდში გადმოტანის შესაძლებლობა არ აქვთ და იძულებული არიან, მოსავალი მიზერულ ფასად გაყიდონ. ამ დროს რეგიონში თხილი სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტია და ოჯახების შემოსავლის ძირითადი წყარო, რითაც ხალხი, ფაქტობრივად, სარგებელს ვერ იღებს. ამ ეტაპზე თხილის ფასი 3,50 ლარს არ აჭარბებს, როცა დანარჩენ საქართველოში 7 ლარი ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი ხარისხიანია, „ჩაკეტილ“ გალელებს არჩევანი არ აქვთ, პროდუქტის რეალიზაცია იმ ფასად უწევთ, რასაც ადგილობრივი მეწარმეები სთავაზობენ. 

სოფელ ოტობაიში ერთ-ერთი ანანომურობის დაცვით გვიამბობს, რომ მოსავლის არების ხარჯი გაიზარდა, ხოლო სარგებელი - მინიმალურია.

,,შარშან თხილი ზუგდიდში გავყიდეთ. ხან მალულად გადაგვქონდა, ხანაც აფხაზ ,,მესაზღვრეებთან" გარიგებას ვახერხებდით და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ვაბარებდით ზუგდიდის თხილსი ცამბარებელ პუნქტებში. წელს ამის შეასძლებლობა საერთოდ არ არის, ეპიდემიის გამო ,,ჩაგვკეტეს" და ტერიტორიას ვერ ვტოვებთ. დიდი ფართობებია, ამიტომ ოჯახს მოსავლის ასაღებად მუსების დაქირავება უწევს, დღეში თითო ადამიანის მომსახურება 40-50 ლარია, 1 ტონა თხილი რომ დაიკრიფოს, მინიმუმ, 1000 ლარის ხარჯია.  თხილსი თითქმის ,,ჩალის ფასად" ყიდულობენ აფხაზი გადამყიდველები. რუსეთში გააქვთ და თვითონ უდიდეს მოგებას ნახულობენ, ჩვენ კი საკუთარი ნაშრომით ვერ ვსარგებლობთ, საშინელი განუკითხაობაა", - ამბობს ოკუპირებული სოფლის მცხოვრები.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციით აფხაზეთის მოსახლეობა ისევ იზოლაციაშია. ცოტა ხნის წინ  ადგილობრივები report.ge-თან სატელეფონო საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ აფხაზები ე.წ. საზღვარს დრო და დრო ხსნიან, ხალხს ზუგდიდში გამგზავრების სანაცვლოდ ფულს სძალავენ და შემდეგ გაურკვეველი ვადით ისევ უბლოკავენ გზას.

მოქალაქეები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სავაჭრო მიზნით ან ჯანდაცვის სერვისების მისაღებად გადმოდიოდა, ახლა სახლშია გამოკეტილი და ტერიტორიის დატოვებას ხშირად სამედიცინო სერვისის აუცილებლობის შემთხვევაშიც ვერ ახერხებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system