თავში

წელს მზუსუმზირის მოსავალი შემცირდა

წელს მზუსუმზირის მოსავალი შემცირდა
წელს მზუსუმზირის მოსავალი შემცირდა

კახეთში მზესუმზირის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, შემცირდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის ბონდო ბოღაშვილის ინფორმაციით, ამის მიზეზი უამინდობა და მავნებლის გავრცელებაა, რამაც მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეც უარყოფითად იმოქმედა. 

ბოღაშვილის თქმით, მოსავლიანობამ 1 ჰა-ზე საშუალოდ 800 კილოგრამი შეადგინა, ზოგან - ნაკლები, როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი 1 ტონას აჭარბებდა. მისი განმარტებით, საშუალომოსავლიანობა ჰექტარზე 1,5 ტონას შეადგენს.

,,საგრძნობლად შემცირდა მოსავალი, წელს ცუდი სეზონი იყო. სიღნაღის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი სიტუაციაც გვქონდა, როცა ფერმერები საერთოდ არ შეავიდნენ ნაკვეთებში და უარი თქვეს მოსავლის აღებაზე. მცირემოსავლიანობის მიზეზი გვალვა და მავნებლის გავრცელებაა ერთდროულად, რამაც ძალიან შეგვაფერხა. გარდა უამინდობისა, ყველაზე დიდი მტერი მზესუმზირისთვის კელაპტარაა, ეს არის ისეთი საშინელი მავნებელი, რომლის წინააღმდეგ პრეპარატი არ არსებობს. ამ დროს ეს დაავადება მუდმივად აქვს ადგილობრივ ჯიშებს, მავნებელს ფაქტობრივად ვერაფერს ვუხერხებთ", - ამბობს ბოღაშვილი report.ge-თან. 

რაც შეეხება ფასს, ბონდო ბოღაშვილის ინფორმაციით, წელს 1 კგ. მზესუმზირა 1,50-2 ლარის ფარგლებში იყიდება. გარდა იმისა, რომ პროდუქტი ექსპორტზე გადის, ადგილობრივ ბაზარზეც ძალიან პოპულარულია.

მავნებელთან დაკავშირების ის განმარტავს, რომ ადრეულ წლებში კელაპტარას გამო ათიათასობით ჰექტარი ფართობებზე თითქმის მთლიანად განადგურდა მზესუმზირას მოსავალი.

,,კელაპტარა პარაზიტული მცენარეა, რომელიც მზესუმზირას ანადგურებს. მას არ გააჩნია მწვანე ფოთლები და ფესვები, დაკარგული აქვს ფოტოსინთეზის უნარი და იკვებება ,,პატრონი მცენარის" ხარჯზე.  გარდა იმისა, რომ ეს პარაზიტი მცენარეს საკვებ ნივთიერებებს და წყალს ართმევს, კელაპტარას მავნებლობა იმაშიც გამოიხატება, რომ წამლავს მას თავისი ცხოველმოქმედებით. დაავადებული მცენარის მოსავლის შემცირებასთან ერთად, მცირდება თესლის აბსოლუტური წონა და ზეთიანობა", - განმარტავს ბოღაშვილი.

ცნობისთვის, წელს საქართველომ საზღვრებს გარეთ 90 ტონამდე მზესუმზირა გაყიდა. ექსპორტის ძირითადი ნაწილი რუსეთში გავიდა.

საქსტატის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან რუსეთში 1206 სასაქონლო ნიშნით გაიყიდა 375.6 ათასი დოლარის 89.6 ტონა მზესუმზირის დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი თესლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system