თავში

ციფრული ტექნოლოგიების როლი სოფლის მეურნეობაში

ციფრული ტექნოლოგიების როლი სოფლის მეურნეობაში
ციფრული ტექნოლოგიების როლი სოფლის მეურნეობაში

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება დასაქმების დიდ შესაძლებლობას მოგვცემს, თუმცა სფეროს განვითარება ამავდროულად დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  ციფრული ტექნოლოგიები დიდ შესაძლებლობას იძლევა აგრარული სფეროს განვითარების მიმართულებითაც.  პროფესორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ მისი განვითარება ქვეყანას ეხმარება, მაქსიმალურად ინოვატორული და კონკურენტული პროდუქტი შექმნას.

,,გაციფრულების პროცესი სოფლის მეურნეობაში პანდემიამდე ნელა მიმდინარეობდა. პოსტეპიდემიურ პერიოდში მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ციფრული მექანიზმების დანერგვა დაჩქარდეს. ეს ხელს შეუწყობს, რომ აელექტრონული კომერციალიზაციის პროცესი უფრო გააქტიურდეს. დროთა განმავლობაში საჭირო ინფრასტრუქტურაც განვითარდება, მთავარია, სახელმწიფოსგან ხელშეწყობა იყოს. ციფრული ექსტენციის სერვისები შეიძლება გამოვიყენოთ აგრარულ ტექნოლოგიებზე ცნობიერების ამაღლების მიზნითაც. ონლაინ ტრანზაქციების პლატფორმებს შეუძლია მწარმოებელი მომხმარებელთან დააკავშიროს, რაც მთლიანად დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ფერმერულ მეურნეობებსაც მოაძლიერებს", - ამბობს აროშიძე report.ge-თან. 

გარდა იმისა, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ფულად რესურსს მოითხოვს, სპეციალისტების დიდი დეფიციტიცაა. ამის შესახებ report.ge-თან ,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე საუბრობს. 

,,ელექტრონული კომერცია ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ძნელად მისაღწევია რიგი გარემოებების გამო. ეკონომიკა სათანადოდ არ მუშაობს და არც ინტელექტუალური რესურსი არის საკმარისია. ასეთ სიტუაციაში, როცა მტავრობის დახმარების იმედი აღარ არის, ყვეკამ თავის თავს უნდა მიხედოს, შეცვალონ პროფილი, ცოდნა გაიღრმავონ სხვა მიმართულებით, რადგან სხვა გამოსავალი არ ჩანს. მომავალში მხოლოდ იმ მიმართულებით იქნება დასაქმების პერსპექტივა, რასაც შეიძლება მოქალაქეებმა საერთაშორისო გამოწვევებით უპასუხონ, მაგალითად, ისეთი კომპანიები, რომლებიც ელექტრონულ სივრცეში მუშაობენ, IT ტექნოლოგიები და სხვა, მომსახურების სერვისები დიდი ხნის განმავობაში ნაკლებად პოპულარული იქნება", - ამბობს შეშელიძე. 

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული კომერცია მსოფლიოში უსწრაფესად ვითარდება. ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, ონლაინვაჭრობას ანიჭებენ უპირატესობას. საქართველოში კი ელექტრონული კომერციის როლის ზრდას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა COVID-19-ის პანდემიამ. ელექტრონული კომერციის ასოციაციის განცხადებით, შარშან საქართველოში ელექტრონული კომერციის წილი საცალო ბრუნვაში 2%-ზე დაბალი იყო. თუმცა, ონლაინმაღაზიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იმატებს და პანდემიის დაწყების შემდეგ, ელექტრონული კომერცია ქვეყანაში, დაახლოებით, 5-ჯერაა გაზრდილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system